გერმანიისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ვიცე–ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის მომდევნო ტური ბრემენის „ვერდერთან“ მატჩით დაიწყო და აქედანვე უნდა ითქვას, რომ ტაბლოზე ასახული შედეგი თამაშის სცენარს არცთუ იდეალურად ასახავს. იურგენ კლოპის გუნდს აურაცხელი საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო, რაც 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში დორტმუნდელებს არაერთხელ შეეძლოთ ბრემენელთა დამწუხრება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ყველაზე სახიფათო დარტყმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ შეასრულა – „ვერდერი“ ხარიხამ იხსნა. ასე იყო თუ ისე, გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
დორტმუნდელებმა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 55–ე წუთზე გაიტანეს – მარკო როისის დაბალ გადაცემას რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა და ბრემენელთა კარი იოლად დალაშქრა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა აქტიური შეტევები კვლავ განაგრძეს, „ვერდერს“ კი, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდა. შედეგად, მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645 მაყურებელი
დორტმუნდი – ვერდერი 1:0 (0:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, კელი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი (ობამეიანგი 68), მხითარიანი (ჰოფმანი 81), გროსკროიცი, როისი (ბენდერი 88), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ვერდერი: მილიცი, პრედლი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, მაკიადი, ჰანტი, იუნუზოვიჩი, ეკიჩი (კროოსი 67), ილდირიმი (ელია 76), არნაუტოვიჩი (დი სანტო 67).
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (55)
კარში დარტყმა: 32 (16) – 7 (4) ჯარიმა: 14 - 12 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 4 – 15