ფეხბურთი

17:13 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი: “გულშემატკივრების დახმარების დიდი იმედი გვაქვს”

2009-10 წლების სეზონში ჟოზე მოურინიო და ვესლი სნეიდერი მილანის “ინტერში” ერთად იყვნენ და იტალიის საფეხბურთო კლუბების ისტორიაში პირველად ერთი სეზონის განმავლობაში სანსიროელებმა ჩემპიონთა ლიგის, სერია A-ს და იტალიის თასის მოგება მოახერხეს. დღეს საღამოს კი პორტუგალიელი სპეციალისტი და ჰოლანდიელი ფეხბურთელი ერთმანეთის პირისპირ სტამბოლის “თურქ ტელეკომ არენაზე” წარსდგებიან.

- ჟოზე მოურინისოთან ერთად მილანის “ინტერში” იყავით. შემდეგ თქვენი საფეხბურთო გზები გაიყო და “სან სიროსგან” სადღეისოდ ორივენი შორს ხართ. რა დამოკიდებულება გაქვთ მოურინიოსთან და მასთან თანამშრომლობას როგორ გაიხსენებთ?

- მოურინიოს დიდ პატივს ვცემ. ამასთან პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ბევრი სასიამოვნო მომენტი მაქვს გასახსენებელი. ბოლოს და ბოლოს ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩემპიონთა ლიგის თასი გვაქვს მოპოვებული. მაგრამ ეს უკვე საფეხბურთო ისტორიაა. მინდვრის გარეთ მე და სეუ ჟოზე მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთის განმავლობაში ამას ორივენი დროებით დავივიწყებთ. მე პატივს ვცემ მოურინიოს, მთლიანად “ჩელსის” და ამგვარადვე არიან განწყობილნი ჩემი ამჟამინდელი პარტნიორებიც.

- მომავალ მეტოქეს როგორ დაახასიათებდით?

- “ჩელსი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რაც ბოლო წლებში “არისტოკრატთა” მიერ მოპოვებული ევროთასებითაც დასტურდება. სადღეისოდ ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, თუმცა, მთლიანობაში მის წევრებს საფეხბურთო გამოცდილება ნამდვილად არ აკლიათ. თანაც, მის მოთამაშეებს ნებისმიერ მომენტში ასპარეზობის ბედის შეცვლა ხელეწიფებათ. ურთულესი შეხვედრა გველის.

- “გალათასარაი” სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდება ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს?

- ჩვენ გუნდს ბოლო 8 შეხვედრაა მარცხი არ განუცდია. “ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ კარგად მოვემზადეთ, მინდორზე თავდაჯერებულები გავალთ, დანარჩენი კი უშუალოდ პაექრობისას გაირკვევა. ლონდონელთა დასამარცხებლად ძალის სრული მობილიზებით ასპარეზობა გვმართებს. თუკი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინეთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. ერთგული გულშემატკივრების დახმარების დიდი იმედიც გვაქვს. ამასთან, “გალათასარაიმ” უკანასკნელ პერიოდში ევროთასებზე გამოსვლის გამოცდილება შეიძინა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- თქვენი აზრით, “გალათასარაი”-“ჩელსის” დაპირისპირებისას გადამწყვეტი მომენტი რა იქნება?

- “სტემფორდ ბრიჯზე” გამგზავრების წინ მეოთხედფინალში გასვლის შანსი უნდა შევინარჩუნოთ, საამისოდ კი პირველ მატჩში ყველა რესურსის ბოლომდე გამოყენებაა აუცილებელი. “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშისას ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. ლონდონელთა რიგებში საკმარისზე მეტადაა მეტად მაღალი კლასის ფეხბურთელი და მათ ინდივიდუალურადაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

0.122412