საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა რობინზონ ბეგლარაშვილმა (50 კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს გუშინ, მაიამიში მსოფლიოს პირველობის ვერცხლი მიამატა. თორნიკე ნაგლიაშვილსა (50 კგ) და ერეკლე არხოზაშვილს (55 კგ) კი საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს პირველობა გუშინ დაიწყო და ვაჟთა და გოგონათა შორის მედლების ორ-ორი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს სახელით კი ტატამზე მხოლოდ ვაჟები გავიდნენ.
ფინალის გზაზე რობინზონ ბეგლარაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. ბარბადოსელ ტრისტან ფორდეს და ბრაზილიელ კაინან პირესს მხოლოდ ათ-ათი წამი აკმარა. მონღოლ ამარტუვშინ ბაიარას ვაზარ-იუკოთი გასცდა, ხოლო იაპონელ ვატარუ უმეკიტას – ვაზარით. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლისთან დამარცხდა.
თორნიკე ნაგლიაშვილსაც სწორედ გურბანლიმ დააკარგვინა ჩემპიონობის შანსი. ეს ნახევარფინალში მოხდა. აზერბაიჯანელთან დაჭიდებამდე ქართველმა ძიუდოისტმა არგენტინელი დანიელ ვიერა და ყაზახი კანატ სეილხანი იპონებით დაამარცხა, თურქ ოგუზან კარაჩას კი იუკოთი აჯობა. “ბრინჯაოს ფინალში” ნაგლიაშვილი მონღოლ ამარტუვშინ ბაიარასთან ვერას გახდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ერეკლე არხოზაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ყაზახ ბაუირჟან ჟაუინტაიევთან წაგებით. იქამდე სამი შეხვედრა ჩაატარა - ბოტსვანელი გავინ მოგოპა, გერმანელი მორიც პლაფკი და უზბეკი კამრან ნურილაევი იპონ-იპონ ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუასთან დამარცხდა.
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქმეში ბექა ნათათრალაშვილიც ჩაერთო. კარგადაც დაიწყო – ბოტსვანელი ედვინ სელიო 24 წამში დაამარცხა, კოლუმბიელ ანდრეს ოლივეროსს იუკოთი აჯობა, მაგრამ მერვედფინალში ბრიტანელ პიტერ მილსთან ვეღარაფერს გახდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
გოგონებში ჩემპიონ-პრიზიორები 40 და 44 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, მაგრამ ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში არასრული შემადგენლობა ჩაიყვანა, სულ ხუთი შეგირდი იახლა და ოთხი მათგანი: მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე 48 კგ), მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე (ორივე 52 კგ) კიმონოს დღეს მოირგებს.
დღესვე იჭიდავებენ ვაჟთა ნაკრების წევრები გიორგი კაციაშვილი (60 კგ), კობა მჭედლიშვილი და სიმონ მამარდაშვილი (ორივე 66 კგ).