,,პარი სენ-ჟერმენის’’ ფეხბურთელის, მარკო ვერატის აზრით, ანდრეა პირლო დიდი ფიგურაა ეროვნული გუნდისთვის. ,,რადიო მონტე კარლოსთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, პირლოს თამაშით აღფრთოვანებული ვერატი ასეთ კომენტარს აკეთებს:
,,როცა პატარა ვიყავი, ძალიან მომწონდა ალესანდრო დელ პიეროს თამაში, მან შექმნა დიდი ისტორია ,,იუვენტუსსა’’ და ეროვნულ გუნდში. შემდეგ გავიდა დრო, გავიზარდე და მომიხდა ანდრეა პირლოსთან ერთად მოედანზე ყოფნა. ეს საოცარი შეგრძნებაა. ვაკვირდებოდი მის თამაშს და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უნიკალური ფეხბურთელია, მისი გამოცდილება მუნდიალზე აუცილებლად გამოგვადგება. როგორც წარსულში დელ პიეროს, ამაჟამად კი პირლოს თამაშზე დიდად არის დამოკიდებული ნაკრების წარმატება’’, _ განაცხადა ვერატიმ.
,,რაც შეეხება ჩემს გამოსვლას ეროვნულ გუნდში, იმედი მაქვს, საკლუბო დონეზე თავს კარგად წარმოვაჩენ და მწვრთნელი მუნდიალზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შემიყვანს’’, – დაასრულა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ვერატი 20 წლის გახლავთ და იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში, ერთი გოლის გატანაც მოხერხა ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიასთან.
დიმიტრი შარიქაძე