ფეხბურთი

22:02 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილი: “ვფიქრობ, სამეულში გასვლა რეალურია”

ვახტანგ ჭანტურიშვილი შარშანწინ, 18 წლის ასაკში აიყვანეს “ზესტაფონში”, უცადა თავის შანსს და დღესდღეობით უკვე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. დაუფასდა და ალექსანდრე ჩივაძემ 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა. ჭანტურიშვილი ნახევარმცველია, ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და აქედან ერთი გუშინ, საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩში – შორიდან ჩახვეული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. 

“მსოფლიო სპორტი” ჭანტურიშვილს ესაუბრა:

-       გვახსოვს, ორი წლის წინ სუპერთასზე “გაგრას” გაუტანეთ გოლი, მაგრამ მაშინ იშვიათად ჩნდებოდით ძირითად გუნდში.

-       სუპერთასი მოგვიანებით ჩატარდა, თასის მფლობელ “გაგრას” 3:1 მოვუგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე. იმ დროს გია ჭიაბრიშვილი გვწვრთნიდა. ძირითად გუნდში ვვარჯიშობდი, თუმცა თამაში დუბლებში მიწევდა. უბრალოდ, სუპერთასზე შერეული შემადგენლობით ვითამაშეთ.

-       თავის დროზე “ზესტაფონში” როგორ მოხვდით?

-       ბავშვობაში სულ “ნორჩ დინამოელში” დავდიოდი თენგიზ კაციასთან და თამაზ კოსტავასთან. იქიდან წამიყვანეს “ზესტაფონის” დუბლებში.

-       თავიდანვე ნახევარდაცვაში იყავით?

-       დიახ, ფლანგის ნახევარმცველი ვიყავი. “ზესტაფონში” თავიდან მარცხნივ ვიყავი, რატკო დოსტანიჩმა შუაში გადამწია, თუმცა გია გეგუჩაძემ მარცხენა ფლანგზე დამაბრუნა. უბრალოდ, “ჩიხურასთან” ცენტრში მომიწია თამაშმა, რადგან ლევან შარიქაძე არ გვყავდა.

-       ამ სეზონში მნიშვნელოვანი გოლებიც გაგაქვთ.

-       ჯერჯერობით, 3 გოლი მაქვს გატანილი. “მერანთან”, “დინამოსთან” და “ჩიხურასთან”. დინამოელებთან ანგარიში გავათანაბრე, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს მაინც წავაგეთ. რამდენიმე ბურთი თასზე და ამხანაგურებშიც მაქვს გატანილი.

-       “ჩიხურასთან” მატჩს როგორ შეაფასებდით?

-       ძლიერი მეტოქე გვყავდა და გაგვიჭირდა. თავიდან ცოტა არეულები ვიყავით, გვიტევდნენ. შემდეგ კი თამაში დავალაგეთ. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

-       გეგუჩაძის მოსვლა “ზესტაფონს” აშკარად დაეტყო. მთავარი, რაც გუნდში შეცვალა, რა იყო?

-       რწმენა შეგვმატა. უფრო თავდაჯერებულები ვართ და შემტევ ფეხბურთსაც ვთამაშობთ.

-       თქვენი აზრით, “ზესტაფონს” მესამე ადგილზე გასვლა რეალურად შეუძლია?

-       ვფიქრობ, შეგვიძლია. ჯერ ექვსეულში უნდა დავმკვიდრდეთ, მერე კი ამოცანა შედარებით გაიოლდება. 

-       პირადად თქვენთვის ამ სეზონში რომელი მატჩი იყო საუკეთესო?

-       ალბათ, “დინამოსთან”. გამორჩევა მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ შედარებით დინამოელებთან თამაშზე ვიტყოდი.

-       როგორც ვიცით, 17 და 19-წლამდელებში არასოდეს გითამაშიათ, თუმცა 21-წლამდელებში გამოგიძახეს.

-       დიახ, პირდაპირ 21-წლამდელებში მოვხვდი, თუმცა დებიუტი არც აქ მქონია. შოტლანდიასთან მატჩისთვის ვიყავი გამოძახებული, მაგრამ არ მითამაშია. ყველანაირად ვეცდები, რომ სეზონიდან სეზონამდე მოვუმატო.   

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114917