დანიის პირველ დივიზიონში კვლავ გაიტანა მათე ვაწაძემ, მისმა “ორჰუსმა” კი გასვლით შეხვედრაში “ჰორსენი” დაამარცხა - 2:1.
ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა 52-ე წუთზე გახსნა, მალევე “ორჰუსმა” სხვაობა ორამდე გაზარდა.
ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით სხრიტლაძე მოედანზე 77-ე წუთზე პეტერსენის ნაცვლად გამოჩნდა.
ვაწაძის ანგარიშზე 8 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლია, რაც მის მაღალ შედეგიანობაზე მიუთითებს, ხოლო კლუბი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება და სუპერლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.
ნორვეგიის ტიპელიგაში გიორგი გოროზიას “სტაბეკმა” საშინაო არენაზე “ლილესტრიომი” დაამარცხა (2:0). ბობ ბრედლიმ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის დატოვა. სატურნირო ცხრილში “სტაბეკი” მე-7 ადგილზეა.
გერმანიის მე-3 ლიგაში “მიუნსტერთან” გასვლითი შეხვედრა ჩაატარა აკაკი გოგიას “ჰალეშერმა”. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი კვლავ სასტარტოში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა საგოლე პასის ან გოლის გატანა ვერ მოახერხა. გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (2:0).
თურქეთის პირველ ლიგაში “ბოლუსფორი” საკუთარ მოედანზე “ადანა დემირსპორთან” დამარცხდა (0:3). გიორგი რეხვიაშვილმა სრულად ითამაშა. “ბოლუსფორი” 4 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
ბელარუსის ჩემპიონატში ბრესტის “დინამო” საკუთარ მოედანზე “ბელშინას” ეთამაშა. სტუმართა შორის სათადარიგოთა სკამზე იჯდა 20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მაღალდაძე. მწვრთნელმა მისი მოედანზე შეშვება არ ისურვა. “ბელშინა” ბელარუსის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში მე-4 ადგილზე იმყოფება.
“მინსკისა” და მოგილიევის “დნეპრის” თამაში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1). სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ნიკოლოზ მნათობიშვილმა. “ბელშინას” მსგავსად “დნეპრიც” ქვედა ექვსეულში მოხვდა და 25 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა.
დიმა შარიქაძე