საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე პოლონელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში თამაშით კმაყოფილია. შეხვედრა 12 აგვისტოს მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს. მომდევნო დაპირისპირება 14 აგვისტოს იმავე არენაზე შედგება და 18 საათზე დაიწყება.
ვასილ მაისურაძე: პოლონეთის ნაკრებს მაგრად ვაჯობეთ. რაც ამ ნაკრებში ვარ, არ მინახავს ასეთი გოლები გაგვეტანოს. პოლონელების 4-5 ფეხბურთელი უკვე ასაკით თავისზე უფროსების ნაკრებში თამაშობს. კარგი გუნდია და თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა. ამ გუნდმა, შარშან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და გერმანიასთან წააგო.
რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ: ზარანდია, შენგელია, ტაბიძე, თევზაძე, ბერიძე. ამ ეტაპზე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ექნებათ. თამაშამდე მხოლოდ 4-დღიანი შეკრება მოვასწარით. ქუთაისის “ტორპედოს” 6 ფეხბურთელი საერთოდ ბოლო დღეს შემოგვიერთდა.
- 14 აგვისტოს პოლონელებთან კიდევ ერთხელ ისპარინგებთ და სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება. ნაკრებში 19 ფეხბურთელი გამოვიძახეთ და თამაშის შანსს ყველას მივცემთ.
- ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს კიდევ თუ გეგმავთ?
- 19-წლამდელებში ამხანაგური თამაშების ჩატარება ცოტა ძნელია. ორ სპარინგს თბილისში სერბებთან ვგეგმავთ. ამის გარდა, კიდევ გვინდა 2 ამხანაგურის ჩატარება.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს თბილისში ჩაატარებს. ტურნირი 13-18 ნოემბერს ჩაივლის და მე-11 ჯგუფში ქართველების მეტოქეები ჰოლანდიელი, მოლდოველი და უელსელი თანატოლები იქნებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდში გადიან.