საქართველოს 19 წლამდე (1995 წელს დაბადებულები) ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სფფ-ს ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე გია ცეცაძის გუნდის წარმატების სჯერა.
- რამდენიმე საათში 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. მას როგორი მოლოდინით ხვდებით? მით უმეტეს შარშან თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა...
- ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ნამდვილად დიდი შედეგია მთელი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის და გულშემატკვირებისთვის. ყოველდღიურად თვალს ვადევნებ ჩვენი ფეხბურთელების მზადებას. ნაკრებს ეტყობა, რომ ძალიან კარგი განწყობაა და დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია.
- თქვენს მიერ გაწვრთნილი 17 წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 19-წლამდელებში სამი ფეხბურთელია გამოძახებული, რას იტყვით ამ მოთამაშეებზე?
- არა მხოლოდ, სამი ფეხბურთელია ასაკით პატარა, ვგულისხმობ ლაშა დვალს, ნიკა ჭანტურიას და სანდრო გურეშიძეს, არამედ, 1996 წელს დაბადებული ლუკა ზარანდიაც 19 წლამდე ნაკრებშია. სამწვრთნელო შტაბმა ასე გადაწყვიტა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ეს ფეხბურთელები გამოეყენებინა. დვალი და ჭანტურია ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებენ და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.
- როგორ შეაფასებდით შანსებს? ჩემპიონატის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?
- ესპანეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თავისთავად საფრანგეთიც. ბევრს საუბრობენ თურქ ფეხბურთელებზეც. პირველ თამაშში წარმატება ბევრს ნიშნავს. მართალია, ჯგუფიდან ორი ნაკრები გადის, მაგრამ სასტარტო შეხვედრას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მინდა გავამხნევო სამწვრთნელო შტაბი, ბიჭები და ყველას წარმატება ვუსურვო.
- შემოდგომიდან თქვენი 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. დაიწყო თუ არა გუნდმა მზადება თბილისში გასამართი შესარჩევი რაუნდისთვის?
- გადახალისებული შემადგენლობით გვქონდა პირველი შეკრება ბელორუსში. ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ ადგილობრივ ნაკრებთან (1:1) და ისრაელთან (0:0). სხვადასხვა მიზეზების გამოს 10 ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მოგვეცა შესაძლებლობა ასაკით უფრო პატარა მოთამაშეები წაგვეყვანა. შეიძლება ითქვას, რომ მათი მონდომებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, ისინი მომავალში ჩვენი გუნდის წევრი იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბევრი ამხანაგური თამაში არ გვაქვს დაგეგმილი. ცნობილია, რომ პოლონეთს ვუმასპინძლებთ ორ შეხვედრაში და სავარაუდოდ გასვლითი მატჩებიც გვექნება.
სფფ-ს პრესსამსახური