ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ვალენსია” ლონდონის “ჩელსიდან” ხუან მატას შეძენას გეგმავს.
25 წლის ნახევარმცველი “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. პორტუგალიელის აზრით, მატა მის სათამაშო სქემაში ვერ ხვდება, რადგან უკან დახევა და დაცვის ხაზის დახმარება არ უყვარს.
ესპანელის ირგვლივ არსებულ სიტუაციას თვალს “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ადევნებენ, მაგრამ “ჩელსის” პირდაპირი კონკურენტებისთვის ფეხბურთელის მიყიდვა არ უნდა.
The Independent-ის ცნობით, ამით შესაძლოა “ვალენსიამ” ისარგებლოს, რომელმაც მატა ლონდონელებს 2 წლის წინ მიჰყიდა. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდად 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი საკმარისი იქნება.
მატას დასაბრუნებლად “ვალენსია” მზადაა ფინანსური დახმარებისთვის სპონსორებს მიმართოს. კლუბში იმედი აქვთ, რომ ნახევარმცველი “მესტალიაზე” დაბრუნებას უფრო დაბალ ხელფასზე დათანხმდება, ვიდრე “ჩელსიში” იღებს.