ევროპის ლიგის პირველმა 1/8-ფინალურმა მატჩებმა, მომდევნო ეტაპზე გასული რამდენი კლუბის ვინაობა თითქმის გამოავლინა. დიდი ალბათობით, 1/4-ფინალურ ეტაპზე თამაშს „ვალენსია“, „ლიონი“ და „ბენფიკა“ განაგრძობენ, რადგან სამივე მათგანმა თავიანთი პირველი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს.
საქმე გაირთულა ტურინის „იუვენტუსმა“, რომელიც თავის მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუზავდა. ტურინელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, რაც ტაბლოზეც აისახა. მატჩის დებიუტში, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა არტურო ვიდალმა მასპინძლები დააწინაურა და ანტონიო კონტეს გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ტურინელები მოდუნდნენ და ძალების დაზოგვაზე ფიქრი დაიწყეს. მათი მთავარი საზრუნავი ანგარიშის შენარჩუნება იყო, რისთვისაც 79-ე წუთზე დაისაჯნენ - იოსიპ ილიჩიჩის პასით მარიო გომესმა იხეირა და ჯიჯი ბუფონი უშანსოდ დატოვა - 1:1.
„დრაგაუზე“, ბევრი გოლი არ გასულა, მაგრამ საგოლე მომენტები მრავლად იყო და შეიძლება ითქვას, „პორტუსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირების მაყურებლებს არ მოუწყენიათ. პირველმა ტაიმმა პორტუგალიელთა უპირატესობით ჩაიარა და სტუმართა კართან რამდენიმე ძალზე სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა. მეორე ტაიმში, იტალიელებმა თამაში გამოასწორეს და მათაც არაერთხელ ანერვიულეს პორტუგალიელი ქომაგი. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 57-ე წუთზე გავიდა - კუთხურის შედეგად შექმნილი არეულობით ჯექსონ მარტინესმა ისარგებლა და „პორტუს“ მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.
მომდევნო ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა „ბენფიკამ“, რომელმაც საგარეო მატჩში „ტოტენჰემს“ 3:1 სძლია. ლონდონელებს ევროპის ლიგაზე თამაშის ხალისი თითქოს დაკარგული აქვთ და ძნელად სავარაუდოა, ლისაბონში სასწაული მოახდინონ. „უაიტ ჰართ ლეინზე“ როდრიგოს გოლსა და ლუიზაოს დუბლს კრისტიან ერიკსენმა ერთი ბურთით უპასუხა, მაგრამ „ტოტენჰემმა“ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
გამორჩეული იყო სევილიური დერბიც. „ბეტისმა“ „სევილიას“ სტუმრად 2 ბურთი გაუტანა და საპასუხო მატჩის წინ დიდი უპირატესობაც მოიპოვა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ განმეორებით შეხვედრაში ყველანაირი შედეგი მოსალოდნელია და „სევილიას“ მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი ნამდვილად არ დაუკარგავს.
ბაზელი – ზალცბურგი 0:0
გაფრთხილება: დიე (14), სიო (23), დეგენი (84) – ჰინტერეგერი (14), მანე (20), კლეინი (70)
პორტუ – ნაპოლი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჯ.მარტინესი (57)
გაფრთხილება: სანდრო (70) – რეველიერი (59), ბეჰრამი (71)
ლუდოგორეცი – ვალენსია 0:3 (0:1)
გოლი: 0:1 ბარაგანი (5), 0:2 კარტაბია (33), 0:3 სენდეროსი (59)
გაფრთხილება: ჯუნიორი (32), ესპინიო (62), მინევი (70) – პერეირა (16), ბარაგანი (49)
გაძევება: ჟუნინიო (80) – კეიტა (24)
ალკმაარი – ანჟი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 იოჰანსონი (29პ.)
გაფრთხილება: ჟუველუე (35), ვუიტენსი (59) – ევერტონი (20), ახმედოვი (67), ეპურეანუ (74)
იუვენტუსი – ფიორენტინა 1:1 (1:0)
გოლი: 1:0 ვიდალი (3), 1:1 გომესი (79)
გაფრთხილება: პიზარო (55), როდრიგესი (57)
ლიონი – პლზენი 4:1 (1:1)
გოლი: 0:1 ჰორავა (3), 1:1 ფოფანა (12), 2:1 ლაკასეტე (53), 3:1 მვუემბა (61), 4:1 ფოფანა (41)
გაფრთხილება: ბიშევაჩი (20), გონალონი (60) – კოლარი (28), ჰუბნიკი (50), კოვარიკი (60)
სევილია – ბეტისი 0:2 (0:1)
გოლი: 0:1 ბაპტიშტაუ (15), 0:2 სევილია (77)
გაფრთხილება: დე ლა ფუენტე (26), ფიგეირასი (90) – სედრიკი (13), კარო (28), ფიგეირასი (51), ადანი (73)
ტოტენჰემი – ბენფიკა 1:3 (0:1)
გოლი: 0:1 როდრიგო (29), 0:2 ლუიზაო (58), 1:2 ერიკსენი (64), 1:3 ლუიზაო (84)
გაფრთხილება: სანდრო (9), ვერტონგენი (81) – სილვიო (63), ამორიმი (81)