კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და ჯერ კიდევ მექსიკური “მონტერეის” ფორვარდი დორლან პაბონი დიდი ალბათობით კარიერას ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელებს.
25 წლის მოთამაშის გასხვისება მექსიკური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. განცხადებაში წერია: “ვალენსიას” მიერ შეთავაზებული თანხა სრულად შეესაბამებოდა პაბონის კონტრაქტში დაფიქსირებულ გამოსასყიდ თანხას და ამან მოთამაშის ჩვენს გუნდში დარჩენა შეუძლეველი გახადა”.
დორლანის სანაცვლოდ “ღამურები” 7 მილიონ ევროს გადაიხდიან. უახლოეს დღეებში მხარეები ოფიციალურ ფორმალობებს მოაგვარებენ და პაბონი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დაბრუნდება. “მონტერეიში” გადასვლამდე, სადაც 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მან გასული სეზონის მეორე ნახევარი “ბეტისში” გაატარა და 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.