ფეხბურთი

12:40 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკეთში მახარაძემ გაიტანა, ლატვიაში - ჯალიაშვილმა

 

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში, რიგის”სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, საკუთარ მოედანზე დაუგავპილსის “დაუგავას” ვერ მოუგო – 0:0.

მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. ლევან ჭაჭიაშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

დაუგავპილსელთა შორის გიორგი ჩიხრაძე და ბიძინა ცინცაძე ორი ტაიმი გაისარჯნენ. გასულ სეზონში ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესი ბომბარდირი მამუკა ღონღაძე კი, თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ცინცაძემ მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 32 ქულით ლიდერობს, ხოლო “დაუგავა” 27 ქულით მეოთხეა.

რიგის “დაუგავამ”, სადაც გიორგი დიაკვნიშვილი ირჯება, სტუმრად “ილუკსტესი” 5:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფირგლა.

“ილუკსტესში” გიორგი ხუმარაშვილმა და ჯემალ ჯალიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს. 83-ე წუთზე ჯალიაშვილმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში 2:4 გახადა. “დაუგავა” 30 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “ილუკსტესი” 8 ქულით მერვეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგა” შინ მოქმედ ჩემპიონ პანევეჟისის “ეკრანასთან” 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში ვაჟა ბედოიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მის მსგავსად ირაკლი ღერკენაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, 90-ე წუთზე კი ის ბექა კობიაშვილმა შეცვალა. “ბანგას” 23 ქულა აქვს და 9 გუნდში მე-6 ადგილზეა.

“ტაურასი” გასვლაზე ვილნიუსის “ჟალიგირისთან” 0:1 დამარცხდა. ირაკლი თვალავაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. “ტაურასი” 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” თანაქალაქელ “დაჩიას” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა შემადგენლობაში თორნიკე სტეფნიაშვილს არ უთამაშია.

მოქმედმა ჩემპიონმა ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, სტუმრად “ვერისთან” 1:2 წააგო.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის სტარტზე ზაქათალის “სიმურგმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, “რევანს” 2:0 აჯობა.

სომხეთის პრემიერლიგის პირველ ტურში, “განძასარი”, სადაც შოთა ჯიქია გამოდის, გიუმრიში ადგილობრივ “შირაქთან” 2:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

“ულისესმა” “ალაშკერტი” მიიღო და ფრეს დასჯერდა – 1:1. მასპინძლებში თენგიზ უგრეხელიძემ შეუცვლელად იასპარეზა.

თურქეთში, “ქაისერისფორმა”, რომელშიც ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობს, ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ალბანეთის “ლაჩი” 3:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ბელარუსის პრემიერლიგის მე-19 ტურში, ბრესტის “დინამო” მინსკში ადგილობრივ “დინამოსთან” 2:3 დამარცხდა. ბრესტელთა შორის უჩა გოგოლაძე 82-ე წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ბრესტის “დინამომ” კონტრაქტები გაწყვიტა დათა სიჭინავასთან და ოთარ ჩაფიძესთან. ბრესტელებს 17 ქულ აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლელი ლიგა) 22-ე ტურში, ტურკუს “ინტერი” სტუმრად “ჰონკას” უგოლოდ გაეყარა. “ინტერში” ირაკლი სირბილაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ინტერს” 24 ქულა აქვს და 12 გუნდში მეათეა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” შინ “ბუხარას” 2:1 მოუგო. გამარჯვებულებს კახა მახარაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და მე-20 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსსნა. “ფახთაქორს” 25 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-4 პოზიციაზეა.

უკრაინის პირველი ლიგის მე-4 ტურში, “მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია თამაშობს, კიევში “დინამო 2”-ს 2:1 მოუგო. ქართველმა მარცხენა მცველმა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. “მიკოლაევს” 7 ქულა აქვს და 16 გუნდში მესამეა.

ყაზახეთის პრემიერლიგის 22-ე ტური, “ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, შინაურ კედლებში ალმათის “ქაირათთან” 0:0 ითამაშა. “ჟეტისუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მეათეა.

 

0.122713