ასეთი თამაშების ადგილი მერვედფინალში არაა. ამ დონის შეხვედრა ფინალს უნდა ამშვენებდეს. არც ისეთი შეცდომების ადგილია “მანჩესტერისა” და “რეალის” დაპირისპირებაში, როგორიც თურქმა არბიტრმა, ჯიუნეით ჩაქირმა დაუშვა, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდების უდროოდ გავარდნაც და მსაჯების შეცდომებიც ფეხბურთის განუყრელია ნაწილია.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართული თამაში ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. ან უკეთესი. გულშემატკივარმა უმაღლესო დონის ფეხბურთი და არაერთი სახიფათო მომენტი იხილა, რაც თამაშის შემდეგ, გულდაწყვეტილი ადგილობრივი ქომაგის მიერ დამარცხებული გუნდის გამხნევებითა და გამარჯვებულის დაფასებით დასრულდა.
შეხვედრა ამჯერადაც “რეალის” აქტიურობით დაიწყო, მაგრამ თუ იგუაინის მიერ მეტნაკლებად სახიფათო დარტყმას არ ჩავთვლით, მადრიდელები მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ.
“მანჩესტერმა” შეტევებზე ფიქრი დაახლოებით მე-10 წუთიდან დაიწყო და 21-ე წუთზე, პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ვან პერსიმ ბურთი კუთხურიდან მოაწოდა და ვიდიჩმა ყველას აჯობა, მაგრამ “წითელი ეშმაკების” კაპიტნის თავურის შემდეგ, დიეგო ლოპესის კარი ძელმა იხსნა. ამის შემდეგ, უპირატესობა ხელთ კვლავ “რეალმა” იგდო, მაგრამ მოურინიოს შეგირდები დე ხეას კართან სიტუაციის დაძაბვას მაინც ვერ ახერხებდნენ. “მანჩესტერმა” სახიფათოდ ერთხელ შეუტია და კინაღამ გაიტანა კიდეც. დიეგო ლოპესმა ვან პერსის დარტყმული ცუდად მოიგერია და იმ დროს, როდესაც უელბეკს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მიეცა, სტუმართა კიპერმა თავისი შეცდომა გამოასწორა.
მე-2 ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო თამაშის განახლებიდან სამ წუთში ანგარიშიც გაიხსნა. “მანჩესტერის” შეტევის მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოში მყოფმა ნანიმ ბურთი უელბეკის მიმართულებით გაგზავნა და მართალია, ახალგაზრდა თავდამსხმელმა გადაცემა ვერ მიიღო, მაგრამ მისი მოძრაობა სერხიო რამოსის დასაბნევად საკმარისი აღმოჩნდა და მადრიდელთა მე-4 ნომერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ცნობისთვის: ამ გუნდებს შორის “ოლდ ტრაფორდზე” გამართული ბოლო დაპირისპირების დროს, მე-2 ტაიმის დასაწყისში, “რეალის” მცველმა, ივან ელგერამ ავტოგოლი გაიტანა. ის თამაში მადრიდელთათვის სასურველი ანგარიშით დასრულდა.
და მივადექით შეხვედრის ყველაზე უსიამოვნო და ალბათ საკვანძო მომენტს. 57-ე წუთზე, მანჩესტერელებმა ბურთი თავიანთი საჯარიმოდან მოიგერიეს, რასაც ნანისა და არბელოას საჰაერო შეჯახება მოხვდა. პორტუგალიელი შემტევი ნამდვილად სახიფათოდ თამაშობდა და თამაშის წესებს არღვევდა, თუმცა, მან მეტოქე ფეხბურთელისკენ თავი მხოლოდ მას შემდეგ მიატრიალა, რაც ფეხი უკვე ჰაერში ჰქონდა და მას განზრახ უხეშობას ვერ დავწამებთ. ფეხბურთელთა შეჯახებას მსაჯის მიერ ნანისთვის პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება მოჰყვა. ეპიზოდი ისეთი იყო, რომ ნანი ყვითელ ბარათზე მეტს არ იმსახურებდა, მაგრამ თურქმა არბიტრმა გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშში, როდესაც “მანჩესტერი” მოედანზე 10 კაცით დარჩა, “წითელმა ეშმაკებმა” მოგება მოახერხეს, მაგრამ მაშინ, ფერგიუსონის გუნდის მეტოქე “რეალი” არ იყო. თუ დღესდღეისობით საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდებს ჩამოვთვლით, “რეალი” აუცილებლად მოწინავე ადგილებზე იქნება და რა გასაკვირია, რომ ასეთ გუნდთან 10 კაცით თამაში “მანჩესტერსაც” კი გაუჭირდა.
არბიტრის გადაწყვეტილებით შოკირებული მასპინძლები “რეალმა” საჯარიმოს მიაჯაჭვა და სამწუთიან მონაკვეთში, მადრიდელებმა 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეს. 66-ე წუთზე, დაახლოებით 19 მეტრიდან, შეცვლაზე შესულმა მოდრიჩმა ისეთი ტრაექტორიით დაარტყა, რომ მიუხედავად ბურთის ახლო კუთხეში წასვლისა, დე ხეას დადანაშაულება არ შეიძლება.
69-ე წუთზე, “რეალის” შეტევის მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოს კუთხესთან, იგუაინმა და იოზილმა ლამაზი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც არგენტინელის მიერ ბურთის კარის გასწვრივ ჩაწოდება და შორეულ ძელთან მყოფი რონალდუს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. პორტუგალიელმა “ოლდ ტრაფორდზე” 2009 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა, მაგრამ არ აღნიშნა. არ აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. ამ დარტყმის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, “მანჩესტერს” აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.
მიუხედავად თითქმის გამოუვალ სიტუაციაში ყოფნისა, “მანჩესტერმა”, რა თქმა უნდა, ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და კაცნაკლულმა ინგლისელებმა დიეგო ლოპესის კართან არაერთი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მადრიდელთა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბოლო წუთებზე, “რეალი” კონტრშეტევებზე თამაშობდა და მოურინიოს შეგირდებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ რონალდუს რამდენიმე არცთუ კარგი დარტყმის შემდეგ, დე ხეა უშეცდომო იყო.
“მანჩესტერში” მოგების წყალობით, “რეალმა”, რომლისთვისაც 2004-2010 წლებში, 1/8-ფინალი დაუძლეველი ბარიერი იყო, მოურინიოს გუნდში მისვლის შემდეგ, 1/4-ფინალში ზედიზედ მესამედ გააღწია. წინა ორ შემთხვევაში, მადრიდული გუნდი ასპარეზობას ნახევარფინალში გამოეთიშა. ამჯერად, რიგით მე-10 ჩემპიონთა თასის მოგება მადრიდელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის ჩამოშორება მადრიდელებს მიზნის მიღწევას გაუადვილებს.
“მანჩესტერისა” და “რეალის” თამაშის წინ, მოურინიომ კი განაცხადა, რომ ამ დაპირისპირების დროს დედამიწა გაჩერდებოდა, მაგრამ ლა მანშის გადმოღმა, კიდევ ერთი 1/8-ფინალური მატჩი მაინც იმართებოდა. 3 კვირის წინათ, “შახტარში” შედეგიანი ფრის დაფიქსირებით, “დორტმუნდმა” გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და გერმანიაში, იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქეზე თავისი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, გაუტანა რა “შახტარს” 3 უპასუხო ბურთი.
მასპინძელთა უპირატესობით დაწყებულ შეხვედრაში, ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა. გიოტცემ კუთხური მოაწოდა და სანტანამ თავით ძალიან კარგად დაარტყა. 6 წუთში, მარჯვენა ფლანგიდან ლევანდოვსკის ჩაწოდების შემდეგ, გიოტცემ დასწრებაზე ითამაშა და “დორტმუნდის” უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. თუმცა, ეს ბურთი “შახტარისთვის” ბევრს არაფერს ცვლიდა. დონეცკელებს ისედაც მინიმუმ 2 გოლი ჰქონდათ გასატანი.
უკრაინელები მე-2 ტაიმის დასაწყისში გააქტიურდნენ და 2 სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნდეს და 59-ე წუთზე, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. გიუნდოგანის დარტყმის შემდეგ, პიატოვმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და კუბა ბლაშჩიკოვსკიმ თითქმის ცარიელ კარში გაიტანა.
მანჩესტერი-რეალი 1:2 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი” 74959
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი (ვალენსია 87), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, კლევერლი (რუნი 73), ნანი, უელბეკი (იანგი 81), გიგზი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა (მოდრიჩი 59), რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია (კაკა 45), იოზილი (პეპე 71), რონალდუ, იგუაინი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: 1:0 რამოსი (48, ს.კ.), 1:1 მოდრიჩი (66), 1:2 რონალდუ (69).
გაფრთხილებები: ევრა 18, კერიკი 72 – არბელოა 38, კაკა 73, პეპე 88.
გაძევება: ნანი 57.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 12 (9)-14 (11), კუთხური: 9-12, თამაშგარე: 3-1, სეივი: 9-8, ჯარიმა: 7-11.
დორტმუნდი-შახტარი 3:0 (2:0)
დორტმუნდი, “სინალ იდუნა პარკი” 65413
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, გიუდოგანი (შაჰინი 82), ბენდერი (კელი 46), კუბა (გროსკროიტცი 69), გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, რაკიცკი, კუჩერი, რატი, ფერნანდინიო, ჰუბშმანი (სტეპანენკო 82), ტეიშეირა, მხითარიანი, ტაისონი (დუგლასი 46), ადრიანო.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 1:0 სანტანა (31), 2:0 გიოტზე (37), 3:0 კუბა (59).
გაფრთხილება: კუჩერი 15.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (9)-8 (4), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 8-12.