ფეხბურთი

17:33 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაი ისევ “მარაკანას” უმიზნებს

 

წუხელ მონტევიდეოს ლეგენდარულ სტადიონ “სენტენარიოზე” მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მონაწილეც გამოვლინდა, ეს ურუგვაის ნაკრებია. წინა მუნდიალის ნახევარფინალისტს მთავარ ტურნირზე მოსახვედრად ამჯერადაც პლეი ოფის რაუნდი  დასჭირდა, თუმცა ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ მატჩში მოაგვარეს, როცა იორდანიას სტუმრად 5:0 მოუგეს. მონტევიდეოში გამართულ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა სტადიონი მაინც გაივსო, გულშემატკივარს კიდევ ერთი უხვგოლიანი სპექტაკლის და შემდეგ ზეიმის მოლოდინი ჰქონდა. მოგვიანებით ზეიმი მართლაც შედგა, მაგრამ გოლები აღარ გასულა.

მომავალ მუნდიალს ურუგვაელებითვის, რომელიც მათთვის ისტორიაში მე-12 იქნება, განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, მისტიკური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, რიო დე ჟანეიროს “მარაკანაზე,” 200 ათასი მაყურბლის თანდასწრებით, ურუგვაიმ აშკარა ფავორიტ ბრაზილიას 2:1 მოუგო და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ეს შედეგი 1954 წლის უნგრეთ-გფრ-ის ფინალთან ერთად ყველაზე მოულოდნელად ითვლება მუნდიალების ისტორიაში. ბაზილიელთა ფავორიტობა იმდენად აშკარა იყო, რომ წაგების შემდეგ ლამის მთელი ერი დეპრესიაში ჩავარდა. სწორედ ამის მერე შეცვალეს თეთრი სათამაშო ფორმა (რომელიც მანამადე ყველა ტურნირზე ეცვათ) ყვითელ-ლურჯით.

გაისად, 14 ივნისს, სწორედ “მარაკანაზე” ჩატარდება ფინალი. ურუგვაელები იმედოვნებენ, რომ 64 წლის შემდეგ ისევ შეძლებენ ამ სტადიონზე გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას. მართალია, მათ ფავორიტთა შორის არ მოიხსენიებენ, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონები არიან, თანაც “მარაკანაზე” თავისებური იღბალი თან სდევთ. წუხანდელი მატჩისას სტადიონის ტაბლოზე ერთთავად “იმ მატჩის” ფრაგმენტებს უჩვენებდნენ. დაწყებამდე კი მაყურებელს “იმ მატჩის” მონაწილე, 86 წლის ლეგენდარული ალსიდეს გიჯა მიესლმა. მისი გამოჩენისას ტრიბუნები ოვაციებისგან კინაღამ დაინგრა.     

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157584