14 ივლისს 15:00 საათზე თბილისის დროით (ბუდაპეშტის დროით 13:00 საათზე) უნგრეთის დედაქალაქში დაიწყება საქართველოსა და რუმინეთის წყალბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩი. რასაკვირველია, ჩვენი გუნდისთვის პირველ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრები ინტენსიურად ემზადება ფინალური ეტაპის შეხვედრებისთვის. 12 ივლისს ბიჭებმა ორი ვარჯიში ჩაატარეს მარგიტის კუნძულზე მდებარე ალფრედ ჰაიოშის სახელობის სპორტკომპლექსში -დილით და საღამოს. საღამოს ვარჯიშის შემდეგ ჩვენმა გუნდმა სავარჯიშო თამაში ჩაატარა გერმანელ წყალბურთელებთან.
ჟურნალისტებისთვის , მათ შორის ჩემთვის, ოფიციალური აკრედიტაციის გაცემა მოხდება დღეს ზემოაღნიშნულ სპორტკომპლექსში. მე წინასწარი აკრედიტაცია ჯერ კიდევ ორი თვის წინათ გავიარე და თანხმობა მივიღე. მაგრამ ყველა ჟურნალისტისთვის ოფიციალური აკრედიტაცია კვირა დღეს გაიცემა. ამიტომ 11-12 ივლისს ამ სპორტკომპლექსში გუნდების ვარჯიშებზე მოხვედრა საკმაოდ რთული ამოცანა იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან მიმაგრებული უნგრელი კოორდინატორის დახმარებით 12 ივლისს მოვახერხეთ იქ შესვლა და საკმაოდ საინტერესო სიტუაცია დაგვხვდა. სპეციალისტები და მუშები ასრულებდნენ დამატებით დამონტაჟებული ტრიბუნების გასუფთავებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აუზის პირზე. როგორც კომპლექსის თანამშრომლებმა მითხრეს, ტრიბუნების დამატების შემდეგ ამ კომპლექსის მთავარ არენაზე დაახლოებით 8 ათასი მაყურებელი ეტევა –ეს კი ორჯერ აღემატება იმას, რაც მანამადე იყო. ჩემს შეკითხვაზე –კი მაგრამ, ამდენ მაყურებელს ელოდებით თუ ყოველი შემთხვევისთვის დაამატეთ ტრიბუნები-მეთქი? პასუხად მივიღე - კი, ველით ბევრ მაყურებელს უმეტეს შეხვდრებზე , ძირითად მატჩებზე –კი ანშლაგს. კითხვაზე –საქართველოს ნაკრების მატჩებზე რამდენ მაყურებელს ელით? მითხრეს: - ეს დამოკიდებულია თქვენი და თქვენი გუნდის მეტოქეების ფანებზეც . . . ამ დროს არენის ტრიბუნაზე რუსეთის ნაკრები გამოჩნდა, რომლთაც ყურადღებით მიადევნეს თვალს ქართველი და გერმანელი წყალბურთელების ამხანაგურ დაპირისპირებას.
ჯერ არ ვიცი, რამდენი მაყურებელი ეყოლება რუსეთის ნაკრებს, თუმცა ბუდაპეშტის ქუჩებში ბოლო ორი დღეა მე პირადად ვნახე ათეულობით ტურისტი რუსეთიდან, რომელთა მნიშვნელოვამა ნაწილმა გვითხრა, რომ მათი გუნდის თამაშებზე დასწრებას აპირებს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გულშმატკივრებს, 19 ივლისს რუსეთთან თამაშის დროს მოსალოდნელია ათეულობითი ქართველის მისვლა ამ მატჩზე და აქტიური ქომაგობა. მათ შორის იქნებიან როგორც ბუდაპეშტში ასევე უნგრეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები. ჩვენი გუნდის სხვა მატჩებზე რამდენი ქართველი ქომაგი მოვა, ეს ჯერ ზუსტად არავინ იცის. ……
ერთი თვის წინათ საქართველოს ელჩმა უნგრეთში ბატონმა ზაზა კანდელაკმა შემატყობინა, რომ საელჩომ მიაწოდა შესაბამისი დეტალური ინფორმაცია ქართული დიასპორის წევრებს საქართველოს ნაკრების თამაშების შესახებ სთხოვა მათ, შეძლებისგვარად დაესწრონ ჩვენი გუნდის მატჩებს და უქომაგონ ბიჭებს.
სხვადასხვა წყაროდან მივიღე ინფორმაცია, რომ ჩვენი გუნდის თამაშებზე მოვლენ უნგრეთში მცხოვრები ქართველი წყალბურთელები – ოთარ წერეთელი და ძმები ირაკლი და გიორგი მათიაშვილები.
ქართველების საგულშემატკივრო მობილიზაციაში აქტიური მუშაობა გასწია ამჟამად პრაღაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, სოხუმიდან დევნილმა სოსო მატკავამ. ის 1994 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უნგრეთში, ბოლო წლებში – ჩეხეთში და შეძლებისგვარად ეწევა ერთიანი საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ბატონი სოსო (ის არის ჩეხეთის მოქალაქე) სპეციალურად აპირებს ჩამოსვლას ბუდაპეშტში ჩვენი გუნდის საქომაგოდ. მაქვს აგრეთვე ინფორმაცია, რომ მატჩებს დაესწრებიან და უქომაგებენ აგრეთვე ის უნგრელები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არიან დაკავშირებული საქართველოსთან, თუმცა რამდენი ასეთი უნგრელი მოვა თამაშებზე არავინ იცის. შევიტყვეთ, რომ ჩვენი გუნდის მატჩებს საქართველოდან ჩამოსული ფანებიც დაესწრებიან.
რასაკვირველია, თავისი ქომაგები ეყოლებათ ჩვენს მეტოქეებს-რუმინეთს, იტალიას, საბერძნეთს, რუსეთს და ჩერნოგორიას. ვსარგებლობ შემთხვევით და პირადად კიდევ ერთხელ მივმართავ უნგრეთში მუდმივად მცოვრებ და დროებით მყოფ თანამემამულეებს - შეძლბისდაგვარად მოახერხეთ თქვენი საქმეების გადადება-გადაწევა და საქართველოს ნაკრების მატჩებზე მობრძანდით 14, 15, 17, 19 და 21 ივლისს.
თენგიზ პაჭკორია, ბუდაპეშტი, სპეციალურად www.worldsport.ge- სთვის
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები