2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში საქართველო-ჩეხეთის კვალად კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. პორტუგალიურ სინესში ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა უნგრეთის ნაკრებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მეტად მწირქულიან თამაშში 38:58 წააგეს.
უნგრელები პირველი ტაიმის თავზე 21 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ და მართალია, მე-2 ნახევარში მხოლოდ 17 ქულა (!) ჩააგდეს, პორტუგალიელებმა მდგომარეობის გამოსწორება მაინც ვერ მოახერხეს.
ორივე გუნდი უამრავ შეტევას აცუდებდა და საბოლოოდ, მასპინძლებმა სროლათა მხოლოდ 28.8% (15 52-დან) ჩააგდეს, სტუმრებმა კი – 36.8% (21 57-დან).
პორტუგალიის ნაკრებმა 21-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და უნგრელებს მოხსნებში 25:38 ჩამორჩა. მოკლედ, მასპინძლებს ყოველ მხრივ წარუმატებელი დღე ჰქონდათ, უნგრელებს კი ჯგუფიდან გასვლის ამბიცია გაუჩნდებოდათ.
გასულ შეხვედრაში სტუმართაგან დავიდ ვოივოდა და აკოშ კელერი გამოირჩნენ. პირველმა 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, მეორეს მონაგარი კი 15 ქულა და 13 მოხსნა იყო. პორტუგალიელთაგან ვინმეს გამოყოფა ძნელია. ყველას ისევ ფაბიო ლიმამ აჯობა, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულას გამორჩა.
ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მე-2 ტურის მატჩები 13 აგვისტოს შედგება და E ჯგუფში ლიდერთა დაპირისპირებასაც ვიხილავთ: კეჩკემეტში უნგრელები ქართველებს დაუხვდებიან. ამავე დღეს ჩეხეთი ნიმბურკში პორტუგალიას უმასპინძლებს.
2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. E ჯგუფი. სინესი (პორტუგალია)
პორტუგალია – უნგრეთი 38:58 (10:23, 10:18, 8:6, 10:11)
პორტუგალია: და სილვა, სოარეში (4 ქ.), ფერნანდეში (2 ქ. 5 მ.),
უნგრეთი: დენეში (3 ქ.), კელერი (15 ქ. 13 მ.), ვიტმანი (7 ქ.), ვოივოდა (20 ქ. 9 მ.), ნ.ტოტი (4 ქ. 4 მ.), ჩორვასი, ა.ტოტი (2 ქ.), ტომასი (2 ქ. 5 მ. 5 პ.), ფერენჩი (3 ქ.), რუიაკი (2 ქ.).