ფეხბურთი

12:02 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინაში ნაკრების წევრები მხოლოდ თადარიგში იყვნენ

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდიან, წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

24-ე ტურში “დნიპრომ” ოდესაში ადგილობრივი “ჩერნომორეცი” 2:1 დაამარცხა. კანკავა ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ხოლო კობახიძე კვლავ თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. “დნიპროს” 48 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა.

მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომელშიც დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ირჯებიან, გასვლაზე ლუცკის “ვოლინს” 2:0 სძლია. ოქრიაშვილი სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა, ხოლო თადარიგში მყოფ თარგამაძეს თამაში არ მოუწია. “ვოლინის” სასტარტოში იყო “გაგრას” ნიგერიელი ექსფორვარდი ოვონიკოკო, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. “ვოლინი” 24 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

დანიის სუპერლიგის 27 ტურში, “ორჰუსმა” “სილკებორგთან” სტუმრად 1:3 წააგო. დავით სხირტლაძემ “ორჰუსში” თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი დავით დევდარიანი 38-ე წუთზე შეცვალეს. მათე ვაწაძე ტრავმირებულია და გუნდს კიდევ რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება. “ორჰუსს” 33 ქულა აქვს და 12 გუნდში მეექვსეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 29-ე ტურში, ბერლინის “ჰერტამ” ლევან კობიაშვილის გარეშე გასვლაზე “ინგოლშტადტთან” 1:1 ითამაშა. ბერლინელები 18-გუნდიან სატურნირო ცხრილს 63 ქულით ლიდერობენ და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონს პირველ ბუნდესლიგაში გაატარებენ.

საფრანგეთის ლიგა 2-ის (პირველი ლიგა) 32-ე ტურში, “ლე მანი”, რომლის კარსაც გიორგი მაკარიძე იცავს, შინ “ისტრთან” 1:2 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა. “ლე მანს” 33 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის მე-3 ტურში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” “მეტა” მიიღო და 4:0 აჯობა. “სკონტოს” რიგებში 73-ე წუთზე გამოჩნდა ლადო დათუნაშვილი, რომელიც 84-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო ლევან ჭაჭიაშვილი და ლაშა დვალი განაცხადში არ ყოფილან. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 7 ქულით ლიდერობს.

“ილუკსტე”, სადაც მამუკა ღონღაძე თამაშობს, “იურმალას” სტუმრად დაუზავდა – 1:1. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, 58-ეზე კი, ყვითელი ბარათი მიიღო. “ილუკსტეს” 2 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია. ამჯერად “შერიფი” თავის მოედანზე “მილსამისათან” 1:2 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ტირასპოლელები 12-გუნდიან ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ “დაჩიას” 8 ქულით უსწრებენ.

კიშინიოვის “ზიმბრუმ”, რომელშიც კონსტანტინე გაბაშვილი, ბაქარ მირცხულავა და თორნიკე სტეფნიაშვილი ირიცხებიან, შინაურ კედლებში რიბნიცის “ისკრა-სტალთან” 0:0 ითამაშა. სასტარტოში არცერთი ქართველი ყოფილა და როგორც გაბაშვილი, ასევე, სტეფნიაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდნენ. მირცხულავა 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა. “ისკრა-სტალში” სანდრო შუღლაძე სამატჩო განაცხადში არ იყო. “ზიმბრუ” 34 ქულით მეშვიდეა, ხოლო “ისკრა-სტალი” 37 ქულით – მე-6.

 

თეგებილეგიონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115421