პოლონეთმა და ჩეხეთმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა უკრაინის კალათბურთის ფედერაციას 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაში დაეხმარნონ. აღნიშნულის შესახებ Przegladsportowy.pl იუწყება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ევრობასკეტის გამართვა ეჭვქვეშ ცნობილი მოვლენების გამო დადგა, ამდენად, მის ირგვლივ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდება.
აი, რა განაცხადა პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გჟეგოჟ ბახანსკიმ. “ამჟამად, ფიბა უკრაინაში მიმდინარე პროცესებით არის შეშფოთებული და უშუალოდ ტურნირის ორგანიზებით ნაკლებადაა დაკავებული. ისინი ჩემპიონატის მასპინძელს სიამოვნებით შეცვლიდნენ, თუმცა უკრაინას შეჯიბრის გასამართად თანხის ნახევარი (4 მილიონი ევრო) უკვე გადახდილი აქვს, ამ ფულის დაბრუნება კი რთული საქმე იქნება.
ჩვენ ფიბას კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობთ – პოლონეთი გამოცხადდეს მთავარ ორგანიზატორად, უკრაინას კი 4 ჯგუფიდან ერთ-ერთი დარჩება. საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატების მაგალითებზე ნათლად სჩანს, რომ მასშტაბური ტურნირების მიღებას რამდენიმე ქვეყანა ერთად უფრო კარგად ახერხებს”.
იგეგმება, რომ პოლონეთის მხრიდან ევრობასკეტის მატჩებს ვროცლავი და კატოვიცე მიიღებენ, ჩეხები პრაღას წარადგენენ (სათადარიგო ვარიანტებად
ჯერჯერობით, უცნობია, ამ შემთხვევაში როგორ შეიცვლება 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სქემა. შეგახსენებთ, რომ უკრაინისგან განსხვავებით, პოლონეთი და ჩეხეთი შესარჩევ ტურნირში არიან ჩართულნი და ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა ზაფხულში მოუწევთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი E ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების უშუალო კონკურენტია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევრობასკეტ-2015-ის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება 22 მარტს იქნება მიღებული. აღნიშნულზე განცხადება ფიბა-ევროპას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავდმჯდომარე საკის სანტოსმა გააკეთა.
“უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მიუნხენში უკვე შედგა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ, 22 მარტს, მორიგი შეხვედრა იგეგმება, სადაც გადაწყდება, ტურნირს უკრაინა მიიღებს, თუ მისი ჩატარების უფლება სხვა ქვეყანას გადაეცემა.
უნდა გვესმოდეს, რომ ამჟამად იმის პროგნოზირება, მომავალში რა იქნება, ძალიან რთულია. ევრობასკეტი რომ უახლოეს თვეებში ტარდებოდეს, ცხადია, მას უკრაინა ნამდვილად ვეღარ მიიღებდა, თუმცა, ჩემპიონატი წლინახევრის შემდეგაა. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ნაადრევი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ”.