ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასრულებულ უეფას 38-ე კონგრესზე, 54-მა საფეხბურთო ასოციაციამ ერთსულოვნად მიიღო ოთხი პუნქტისგან შემდგარი რეზოლუცია 2018-2022 წლებში მამაკაცთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრებებისთვის “ა” კატეგორიის ტურნირების ჩატარების თაობაზე. ამ რეზოლუციის თანახმად, სანაკრებო ფეხბურთის პრესტიჟის ამაღლებისთვის, უეფა 2018 წლიდან “ერთა ლიგის” გათამაშებას დაიწყებს.
“ჩვენ ვაფასებთ, რომ უეფაში შემავალი ყველა ასოციაცია, ახალი ტურნირის ჩატარებას დათანხმდა. Eს, ევროპის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები ახალ ფორმატს მხარს დაუჭერენ”, – განაცხადა უეფაში ნაკრებების შეჯიბრებების კომიტეტის თავჯდომარე ვოლფგანგ ნირსბახმა.
“ერთა ლიგა” ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლთან იქნება დაკავშირებული. ახალი ტურნირი, ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის დამატებით შესაძლებლობას მისცემს. ტურნირისა და ევრო-2020-იდან დაწყებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფორმატის ცვლილების იდეა, უეფაში შემავალი ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარმოიშვა, რომლებიც 2011 წელს დაიწყო.
“ერთა ლიგის” ზუსტი ფორმატი ჯერ კიდევ განსაზღვრული არაა და მას, უეფა ეროვნულ ასოციაციებთან ერთად კიდევ განიხილავს. იდეა ისაა, რომ 54 ნაკრები, რეიტინგის კოეფიციენტების მიხედვით ოთხ დიდ ჯგუფად დაიყოფა.
უმაღლეს ჯგუფში მოსახვედრად, ნაკრებები “ერთა ლიგის” ჩემპიონის ტიტულისთვის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი ოფში გასასვლელად, ან ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ევრო-2020-მდე, ყოველი ჯგუფი ოთხ, ან სამ ქვეჯგუფად დაიყოფა, რათა თითოეულმა, 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, ოთხიდან ექვსი მატჩი ჩაატაროს.
ოთხი ნაკრების მონაწილეობით, რომლებიც “ა” ჯგუფში თავის ქვეჯგუფებს მოიგებენ, “ერთა ლიგის” ფინალური ეტაპი 2019 წელს ჩატარდება. ევრო-2020-ში მონაწილეობისთვის პლეი ოფის შეხვედრები, ამავე წლის მარტში გაიმართება.
ეროვნულმა ასოციაციებმა უეფას თხოვნით მიმართეს, საერთაშორისო მატჩების კალენდრის დამტკიცებისას, სანაკრებო დონეზე ფეხბურთის მომავალი გაეანალიზებინათ. ამიტომ, “ერთა ლიგის” შექმნის მთავარი მოტივი სპორტული პრინციპი გახდა, რადგან ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტი საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლები, მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ამხანაგური მატჩები სპორტული ბრძოლის პრინციპებს არ უზრუნველჰყოფს.
გარდა ამისა, ახალი ტურნირი უეფას დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში: სანაკრებო ფეხბურთის პრესტიჟი და დონე ასწიოს, თან, ამავე დროს, საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთს შორის ბალანსი შეინარჩუნოს. “ერთა ლიგის” ჩემპიონს ყოველ კენტ წელს გამოავლენენ. ამასთანავე, ყველა გუნდს შესაძლებლობა ექნება, ოფიციალური თამაშები თავისი დონის მეტოქეებთან ჩაატაროს.
საერთო ჯამში, ევროპის ჩემიონატის შესარჩევი ციკლი არ შეიცვლება. თუმცა, მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, მომავალი წლის მარტში დაიწყება და არა იმავე წლის სექტემბერში. უეფას “ერთა ლიგაში”, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ოთხ საგზურს გაითამაშებენ.
გაგცნობთ ზემოთ ნახსენები რეზოლუციის ოთხ პუნქტს:
1. უეფაში შემავალი 54 საფეხბურთო ასოციაცია აღიარებს 2014-2018 წლებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ცენტრალიზებული მარკეტინგის წარმატებასა და მის წვლილს სანაკრებო დონეზე ფეხბურთის პრესტიჟის ამაღლებში.
2. ისინი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ჩატარების ახალ კონცეფციას, უეფას “ერთა ლიგისა” და 2018-2022 წლებში ამხანაგური თამაშების საერთაშორისო კალენდრით გათვალისწინებულ თარიღებში გამართვას ეთანხმებიან.
3. მხარს უჭერენ ამ ახალ სპორტულ კონცეფციასა და ცენტრალიზებული მარკეტინგის 2018-2022 წლებში პრაქტიკულად იმავე რეჟიმით გაგრძელებას, რაც ამჟამადაა.
4. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობას ნებისმიერი იურიდიული, ფორმალური და პრაქტიკული სირთულეების გადასალახავად, რაც შეიძლება წარმოიშვას, განსაკუთრებით მათ ქვეყნებში სანაკრებო მატჩების ტრანსლირების სატელევიზო უფლებების ცენტრალიზებულად გაყიდვის შემთხვევაში.