ფეხბურთი

3:06 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

უძლეველი “ბაიერნი” მითი არაა, ეს რეალობაა

“რეკორდმაისტერმა” “ბარსელონა” 4:0 გაანადგურა

ძნელია იმის გადაჭრით თქმა, უკვე ჩაესვენა თუ არა “ბარსელონას” მზე, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ევროპულ ფეხბურთში კატალონიელთა ჰეგემონია დასრულდა. ამის მიზეზი, “ბარსელონას” განადგურებაზე მეტად ისაა, რომ ფეხბურთში გამოჩნდა ძალა, რომელთანაც კატალონიური კლუბი უძლურია. “ალიანც არენაზე” გამართულმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მიერ ნაჩვენები ზღაპრული შედეგები არა სხვა გერმანული კლუბების სისუსტის, არამედ მიუნხენური გიგანტის იდეალური თამაშის დამსახურებაა. “ბარსელონას” თამაში იმაზე ბევრად ცუდი არ იყო, რაც კატალონიელებმა მილანში, ან პსჟ-სთან რომელიმე მატჩში აჩვენეს. ტიტო ვილანოვას გუნდის შერცხვენის მიზეზი “ბარსელონას” ცუდი თამაში ნამდვილად არაა. ამის მიზეზი იუპ ჰაინკესის შემოქმედებაა.

“ბარსელონას” სერიოზული პრობლემები ჰქონდა დაცვის ცენტრში, რის გამოც, ტიტო ვილანოვას, პიკეს მეწყვილედ, გამოუცდელი მარკ ბარტრას დაყენება მოუხდა. “ბარსას” დაცვა იდეალურად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ვილანოვას გუნდს ამის გამო არ წაუგია. მიუნხენელებმა მეტოქეს მოედნის ყველა მონაკვეთში აჯობეს. ბურთს, როგორც ყოველთვის, “ბარსელონა” აკონტროლებდა, მაგრამ თამაშს – “ბაიერნი”. მოედნის ცენტრში, მასპინძლები სტუმრებს მოსვენებას არ აძლევდნენ და შედეგად, “ბარსა” იმდენად ხშირად კარგავდა ბურთს, ამ გუნდისგან რომ გაგვიკვირდება.

თამაშის დაწყებიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როდესაც “ბაიერნმა” პირველი სახიფათო მომენტი შექმნა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა რობენმა თითქმის ცარიელი კარის წინ დარჩენილი 2 თანაგუნდელი ვერ შენიშნა და თავად დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ ჰოლანდიელმა ვალდესს ვერ აჯობა.

მომდევნო მომენტი უკვე საგოლე იყო. 25-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს. მოგერიებული ბურთი საჯარიმოში რობენმა ჩააბრუნა, სადაც ტომას მიულერმა 3 კატალონიელის ყურადღება მიიპყრო და მარჯვენა ფლანგზე მყოფ რობენს უპასა. ჰოლანდიელმა კვლავ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დანტემ დანი ალვესი მე-2 სართულზე იოლად დაჯაბნა. მიუნხენელთა ცენტრალურ მცველს დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ბურთი მიულერთან მივიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ის ფაქტი, რომ “ბარსამ” გოლი გაუშვა, კატალონიელთათვის საგანგაშო არ იყო, მაგრამ გერმანელთა ამ შეტევის დროს კატალონიელთა მხრიდან გამოვლენილი უსუსურება სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის ნამდვილად შემაშფოთებელი იყო. იმ დროს, როდესაც ჰაინკესის შეგირდები მეტოქის საჯარიმოში ბურთს ათამაშებდნენ, “ბარსას” ფეხბურთელები დაბნეულნი დარბოდნენ და იგრძობოდა, რომ მათ მასპინძელთათვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდებოდათ.

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მსაჯობაა. ეს ჩემპიონთა ლიგის წინა თამაშებშიც კარგად გამოჩნდა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. რამდენიმე ეპიზოდში, არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. პირველ ტაიმში, 2-ჯერ იყო შემთხვევა, როდესაც “ბარსას” ფეხბურთელს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა. იმის მტკიცება, რომ კატალონიელები ხელით განზრახ თამაშობდნენ, ძნელია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორივე საკამათო ეპიზოდში, ვიქტორ კაშაიმ სტუმარი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

არბიტრებმა ყველაზე დიდი შეცდომა მე-2 ტაიმის დასაწყისში მიიღეს. 49-ე წუთზე, “ბაიერნმა” კუთხური მოაწოდა, მიულერმა მე-2 სართულზე ბრძოლა მოიგო და ცარიელი კარის წინ, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ გომესს უპასა. გერმანელმა გაიტანა, მთავარი არბიტრის ასისტენტმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია და ანგარიში 2:0 გახდა.

პირველ ტაიმთან შედარებით, მე-2 ნახევარში უფრო გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ, მაგრამ ამის მიზეზი “ბარსელონას” შეტევები არ ყოფილა. იგრძნო რა თავისი უპირატესობა, “ბაიერნმა” უფრო თამამად შეუტია და კიდევ 2-ჯერ გაიტანა. 73-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე მყოფმა რობენმა ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო, ალბას გასცდა და მახვილი კუთხიდან შორეულ ქვედა კუთხეში დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა. არბიტრის გადაწყვეტილების მიმართ კითხვის ნიშნები ამ შემთხევაშიც ჩნდება. საქმე ისაა, რომ რობენის მიერ ალბას მოტყუებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ტომას მიულერმაც შეიტანა. იმ დროს, როდესაც ჰოლანდიელი დასარტყმელად ემზადებოდა, გერმანელმა ესპანელს მისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა.

მალევე, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა, მაგრამ სანამ ცვლილება განხორციელდებოდა, გერმანელმა შემტევმა ვალდესს მეორედ გაუტანა. 82-ე წუთზე, საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შესულმა ალაბამ კარის გასწვრივ ჩააწოდა და დასწრებაზე თამაშის დროს მიულერმა ალბას აჯობა. ამ შემთხვევაში, მსაჯის მიმართ კითხვები არ არსებობს, ისევე, როგორც კითხვის ნიშნებს არ ბადებს “ბაიერნის” “ბარსელონასთან” უპირატესობა.

მე-2 ტაიმში, გოლის გატანის 2 შანსი “ბარსელონასაც” ჰქონდა. ორივე შემთხვევაში, ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში მარკ ბარტრა იყო, მაგრამ “ბარსელონას”, დაცვის ცენტრში არსებულმა პრობლემებმა თავი შეტევაში შეახსენა.

ერთი კვირის შემდეგ, ეს გუნდები ერთმანეთს უკვე “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან. “ბარსელონას” ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ ეს “ბაიერნი” მეტია, ვიდრე უბრალოდ ძლიერი გუნდი და მასთან არსებული 4-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვდა შეუძლებელია.

ბოლოს კი, შემოგთავაზებთ იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომელიც ამ თამაშს უკავშირდება:

  • ევროტურნირების ისტორიაში 3-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფლეი ოფის პირველ მატჩში 4 ბურთით წამგები გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს “რეალმა”, ბელგრადის “პარტიზანმა” და პორტუგალიურმა “ლეიშოინშმა” მოახერხეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი “ბაიერნს” 4:0 სამჯერ აქვს მოგებული. რა გასაკვირია, რომ მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე 3-ჯერ გავიდნენ;
  • “ბარსელონას”, UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, ოთხზე მეტი ბურთის სხვაობით არასდროს წაუგია. უკანასკნელად, ასეთი გამანადგურებელი სხვაობით კატალონიელებმა 1997 წელს, კიევის “დინამოსთან” წააგეს;
  • ჩავიმ და ვიქტორ ვალდესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თავიანთი მე-13 თამაში ჩაატარეს. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ედვინ ვან დერ სარს აქვს (14);
  • ვიქტორ ვალდესმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში 48-ე თამაში ჩაატარა. გადაასწრო რა რაიან გიგზს, ის ამ მაჩვენებლით ისტორიაში საუკეთესოა;
  • ლიონელ მესის გოლი 21 დღეა არ გაუტანია. ასეთი ხანგრძლივი მშრალი სერია მას უკანასკნელად 2011 წლის აპრილ-მაისში ჰქონდა;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “ბარსელონამ” უკვე 60 გოლი გაუშვა. ასეთი ცუდი შედეგი კატალონიელებს 2000-01 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ.

 

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 (1:0)

მიუნხენი, “ალიანც არენა” 68000

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (პისარო 83), რიბერი (შაქირი 88), გომესი (გუსტავო 71).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, პედრო (ვილია 83).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.

გოლები: 1:0 მიულერი (25), 2:0 გომესი (49), 3:0 რობენი (73), 4:0 მიულერი (82).

გაფრთხილებები: გომესი 37, მარტინესი 46, შვაინშტაიგერი 87 – ბარტრა 39, სანჩესი 87, ალბა 89, ინიესტა 90+1.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 10 (7)-3 (1), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 16-10.

0.56589