ფეხბურთი

16:51 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

"უდიპლომო სასიძოს" ბიჭიკოები, ანუ გადაზრდილების პრობლემა

ამ ფოტოზე 14 წლის ანდრეს ინიესტას ხედავთ. შეუძლებელია, არ გახალისდე იმის შემხედვარე, თუ როგორ დგანან კაპიტნები მსაჯის გვერდით. მაგრამ რასაც ამ სტატიაში დავწერთ, სულაც არაა სახალისო. იმ მატჩში ყველამ იცოდა, რომ "ბარსელონას" პატარა ასაკის გუნდი ხვდებოდა, რომელიღაც რეგიონის უფროსთა გუნდს. ანუ, არავინ არაფერს იტყუებოდა. საქართველოში კი – ახლავე დავწერთ.

ბავშვთა შორის, თითოეულ ასაკში, ყოველწლიურად ტარდება ელიტ-ლიგა, თბილისის ლიგა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, ცალკეა თითოეული რეგიონული ფედერაციის ეგიდით გამართული ჩემპიონატები – იმერეთის, გურიის და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოში ელიტ-ლიგა გამორჩეულია, რადგან საუკეთესო გუნდები იქ თამაშობენ, უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ და დარღვევებიც ნაკლებია. ის დარღვევები, რაზეც ახლა დავწერთ.

თუმცა, დარღვევები ნაკლებიაო, დავწერეთ, ანუ აქაც არის. კერძოდ, ყველაზე მთავარი სატკივარი – გადაზრდილი ბავშვების პრობლემა. განსაკუთრებით, ეს ეხება რაიონულ გუნდებს, თბილისურ გუნდებში კი, ასეთი შემთხვევები თითქმის არ არის. ყოველ შემთხვევაში, ელიტ-ლიგაში არ არის, თორემ სხვა ჩემპიონატებში, იცოცხლეთ, რამდენიც გინდა.

როგორ ხდება? სეზონის წინ, ოფიციალური განაცხადები კეთდება, სადაც ბავშვების სამედიცინო ცნობაცაა დართული. თითოეულ ბავშვს აქვს სამონაწილეო ბარათი, იქ ჩაკრულია ფოტოსურათი, აღნიშნულია კლუბი, ბავშვის სახელ-გვარი და დაბადების თარიღი. თითქოს, რაღა დარჩა, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ... ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია, ბარათში უფროსი ასაკის ბავშვის ფოტო ჩააკრას. და რა გამოდის: ბარათში შავით თეთრზე წერია, რომ ეკუთვნის 2000 წელს დაბადებულს, მაგრამ ფოტოდან 1999, ან სულაც 1998 წელს დაბადებული ბავშვი გვიყურებს.     

აი, მწვრთნელებს შორის საუბარი ელიტ-ლიგის ერთ-ერთი მატჩის წინ. თითქოს 2000 წელს დაბადებულთა მატჩია, მაგრამ დაახლოებით ისეთი სურათია, "უდიპლომო სასიძო" ბიჭიკო რომ დარბის ბავშვებში.

- მოიცა, ესენი 13 წლის არიან?

- აბა, რამდენის იქნებიან? თუ არ გჯერა, ნახე "კარტოჩკებში".

- უფ, ძალიან არ გავიგო "კარტოჩკებიდან".

საქმე აქამდე არც მიდის, რადგან "გადაზრდილების" მწვრთნელი, არამად მოგებული თამაშის შემდეგ, გადადის დაფიცებაზე, დაგინებაზე, ან თუ ამანაც არ გაჭრა, დანამუსებაზე – "კაი რა, ბავშვები არიან. ტეხავს. როგორ შეიძლება ამის გამო არქივების ნახვა და ვაი-ვიშის ატეხვა".

აქ უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპული და "მიმწოლია" მეორე გუნდის მწვრთნელი და რამდენად მსახიობური ნიჭი აქვს "გადაზრდილების" დამრიგებელს. უმეტეს შემთხვევაში, წაგებული მწვრთნელიც აღარ ამძაფრებს სიტუაციას: "ჰო, ბავშვები არიან, გულს ვერ გავუტეხავ".

თანაც, თბილისში არსებული რამდენიმე ბავშვთა გუნდი, შედეგს იმდენად არ აქცევს ყურადღებას, რამდენადაც ბავშვის სწორად განვითარებას. ეს სწორიცაა. ამიტომაც ხუჭავენ თვალს ასე უსამართლოდ წაგებაზე და ფიქრობენ – "იმათ ნამუსზე იყოს, თორემ ჩვენ სწორი გზით მიგვყავს ბავშვები".    

სამონაწილეო ბარათში რა ინფორმაციაცაა, მასთან ფოტოსურათის შეუსაბამობა საჯარო სკოლის მიერ რომ დამოწმდეს, "გადაზრდილების" მწვრთნელები შეშინდებიან და ამდენს ვეღარ გაბედავენ, მაგრამ ეს არ კეთდება.  

კიდევ ვამბობთ, გადაზრდილების პრობლემა უფრო რაიონებში ჭარბობს და თითქოს ის არ კმარა, დიდებს პატარებთან რომ ათამაშებენ, მსაჯიც ადგილობრივია.

თბილისშიც ხდება-მეთქი, დავწერე, ოღონდ, ამას ელიტ-ლიგაში ვერ ბედავენ. ისე კი, 8-გუნდიანი ოთხ-ხუთდღიანი ტურნირები რომ არის, იქ ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე გადაზრდილების პრობლემა. ერთხელ გუნდი ვერ ვიცანი, ან როგორ ვიცნობდი, როცა მთლიანად დიდები ჰყავდათ გამოყვანილი. ტურნირი დასრულდებოდა და დიდები ისევ თავიანთ ასაკობრივ გუნდებს დაუბრუნდებოდნენ, იმ ხუთ დღეში კი, მწვრთნელს ასე სჭირდებოდა და აბა, როგორ...

რატომ? რაში სჭირდება მწვრთნელს გადაზრდილების ხარჯზე ტურნირის მოგება? ემატება სახელი, "დაბოლებული" მშობლებისგან პატივისცემა და რა თქმა უნდა, დამატებითი ფინანსური ხეირის პერსპექტივა. "აი, ამ კაცმა ტურნირი მოიგო. მაგასთან მივიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე". მოდის ის ბავშვიც, ფულს იხდის.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც გვაფიქრებს: თავად ის გადაზრდილი ბავშვი და მისი მშობლები რას იგებენ პატარებთან თამაშით? იგებენ კონკრეტულ მატჩს, შესაძლოა, ტურნირსაც. სამაგიეროდ, მისი ფეხბურთელად ჩამოყალიბების შანსი მკვეთრად მცირდება – იოლ ცხოვრებას ეჩვევა, ვერ ვითარდება. კი ბატონო, 14 წლისა 12 წლისას აჯობებს, რადგან დიდი განსხვავებაა ასეთ სათუთ ასაკში. მაგრამ მერე? როცა გაიზრდება და თანატოლთან მოუწევს გაჯიბრება, იქ რაღას გახდება.

ბავშვის ბრალი ნაკლებადაა და ამიტომაც არ ვწერ დაკონკრეტებით, თუ სად და რომელ გუნდში ვნახე ეს ცრუპენტელობები. ბავშვია და გული გაუტყდება. რა ქნას? ეუბნებიან, პატარებთან ითამაშეო და მასაც უხარია. ჯერ ვერ ხვდება, რომ დათვურ სამსახურს უწევენ.

იქნებ, დაფიქრდნენ თავად მწვრთნელები და მშობლები. ნუ აჩვევენ შვილებს იოლ ცხოვრებას. 

0.145106