უმაღლესი ლიგის 6 მატჩიდან ერთი გადაიდო. “გურია”-“სიონი” 8 აპრილს გაიმართება და მიზეზი გასაგებია: ლანჩხუთური კლუბის პრეზიდენტ კობა მირზაშვილს ხომ 22 წლის ვაჟი გარდაეცვალა. სერგი მირზაშვილს 30 მარტს დაკრძალავენ. ეს ინფორმაცია “გურიას” მწვრთნელმა დავით მახარაძემ მოგვაწოდა.
შაბათ-კვირას გასამართი 5 მატჩიდან რომელი იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს, ყველასთვის ცხადია. ლიდერი თბილისის “დინამო” “ზესტაფონს” უმასპინძლებს და ცხრილიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გია გეგუჩაძის გუნდს აუცილებელი მოგება ესაჭიროება – სხვაგვარად, საჩემპიონო რბოლა ინტრიგას თითქმის დაკარგავს. 8 ქულა სოლიდური ჰანდიკაპია.
მოკლედ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არათუ ტურის, მთლიანად სეზონის ცენტრალური მატჩი გველის “დინამო არენაზე”.
29.03. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”
დინამო (თბილისი) – ზესტაფონი
მსაჯები: გ.ვადაჭკორია; ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება; ჯ.ხორავა.
დამატებითი ასისტენტები: დ.ხარიტონაშვილი, ა.ნონიკაშვილი
დისკვალიფიცირებული: დავით ხურცილავა (დინამო)
ამ სეზონში: 2:1, 2:1
“დინამოს” ზედიზედ 3 საშინაო მარცხი ჰქონდა ჩემპიონატში და ნავსი “გურიასთან” გატეხა წინა ტურში, როცა 3:0 იმარჯვა. რაც შეეხება “ზესტაფონს”, გუნდმა ბოლო 7 მატჩი მოიგო და თანაც, გოლგაუშვებლად - საერთო ანგარიშით, 14:0.
2004 წლიდან მოყოლებული, “დინამო” და ‘ზესტაფონი” 40-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: თბილისელებმა 20 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 11 წააგეს. ბურთების შეფარდება 50:33 დინამოელთა სასარგებლოდ.
ჩემპიონატში “ზესტაფონს” ერთადერთხელ მოუგია “დინამოსთან” გასვლაზე. 2005 წელს 1:0 გოჩა სულაკაძის გოლით. ამ სეზონში “დინამომ” ორივე შეხვედრა მოიგო (2:1, 2:1) და ორივე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე – თბილისში ჩისკოს, ზესტაფონში კი გიორგი გველესიანის გადამწყვეტი გოლებით. პირველ შემთხვევაში ფეროელებს რატკო დოსტანიჩი წვრთნიდა, მეორედ კი გია გეგუჩაძე. ეს მისი პირველი მატჩში იყო “ზესტაფონში” დაბრუნების შემდეგ.
დინამოელებს მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა დააკლდებათ და შესაძლოა, მის პოზიციაზე გიორგი პაპავამ ითამაშოს. ასე იყო “მეტალურგთან” ორი ტურის წინანდელ მატჩში. თუმცა, გამოჯანმრთელდა ჰოლანდიელი იანსე და არაა გამორიცხული, მალხაზ ჟვანია მას ენდოს.
11.08.2013. დინამო-ზესტაფონი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი (27), 1;1 ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+4).
10.11.2013. ზესტაფონი-დინამო 1:2
გოლები: 0:1 გოგა (16), 1:1 ჭანტურიშვილი (87), 1:2 გველესიანი (90+2).
29.03. 15:00. რუსთავი. “ფოლადი”
მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე)
მსაჯები: თ.გვანცელაძე; გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი; ო.ხეცაძე
ამ სეზონში: 3:2, 1;1
საჩხერელებმა თასის ნახევარფინალისკენ კი გაიკვლიეს გზა, მაგრამ ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩი წააგეს და საქმე გაირთულეს. მართალია, “ჩიხურა” მესამე ადგილზეა, მაგრამ მდევრების სუნთქვას გრძნობენ და ქულებს თუ არ გაუფრთხილდებიან, სამეული განზე დარჩებათ.
“მეტალურგს” რაც შეეხება, პროგრამა-მინიმუმი, რასაც ექვსეულში შესვლა ერქვა, შეასრულეს. რუსთაველებს ფინანსური პრობლემები აქვთ და შემადგენლობაც ისეთი ვეღარ ჰყავთ, როგორიც გასულ წელს იყო. დიდწილად “ჩიხურასთან” მატჩი გადაწყვეტს, რისი შესაძლებლობა და ამბიცია ექნება “მეტალურგს”.
ამ გუნდების ბოლო რუსთავული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. დასამახსოვრებელი იყო დენის დობროვოლსკის სუპერგოლი – 45 მეტრიდან დარტყმით გაიტანა “ჩიხურას” კარში.
1-6 ადგილებისთვის
1 | დინამო (თბ) | 23 | 16 | 3 | 4 | 54:17 | 51 |
2 | ზესტაფონი | 23 | 13 | 4 | 6 | 32:15 | 43 |
3 | ჩიხურა | 23 | 11 | 5 | 7 | 41:35 | 38 |
4 | სიონი | 23 | 10 | 6 | 7 | 29:24 | 36 |
5 | მეტალურგი | 23 | 9 | 6 | 8 | 26:27 | 33 |
6 | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
7-12 ადგილებისთვის
30.03. 15:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. უმაყურებლოდ
მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი)
მსაჯები: ა.ბალსეჰლო; ზ.ფიფია, ი.მაჩიტიძე; გ.ყრუაშვილი
ამ სეზონში: 2:1, 0:1
მარტვილელებმა წინა ტურში “დილას” გასვლაზე სძლიეს, რითაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდათ. 5-ქულიანი ჩამორჩენა აქვთ და თუ “სპარტაკს” დაამარცხებენ, სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა ეს იოლი არ იქნება – კახა კაჭარავას გუნდი წლეულს ურიგოდ არ გამოიყურება და ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო.
ისე, საინტერესოა, რომ “მერანს” 18 ქულიდან, 12 ჯერ კიდევ საწყის 7 ტურში აქვს მოგროვებული: როცა გუნდს მალხაზ ჟვანია წვრთნიდა.
30.03. 15:00. განმუხური. ცენტრალური
ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი)
მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი; ბ.ჭიჭინაძე, ლ.ვარამიშვილი; ხ.გაგნიძე
დისკვალიფიცირებული: დავით კირკიტაძე (ზუგდიდი)
ამ სეზონში: 0:0, 2:1
ცუდ დღეშია “ტორპედო” და წაგებებს თუ გააგრძელებს, საშიში ზონა შორს სულაც არაა. “ზუგდიდს” კი უმაღლესში დასარჩენად საშინაო მატჩებში მოგებები დასჭირდება. მწვრთნელი გიორგი დარასელია ქუთაისელთა წინააღმდეგ: ანუ, იმ კლუბის, სადაც მშვენიერი სეზონები გაატარა ფეხბურთელობის დროს.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება მცხეთაში გაიმართა და ზუგდიდელებმა 2:1 იმარჯვეს. ირაკლი ეხვაიამ ტყუპისცალივით მსგავსი გოლები გაუტანა ქუთათურებს.
30.03. 15:00. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
მსაჯები: ლ.სილაგავა; ლ.თოდრია, დ.ჩიგოგიძე; ლ.კვარაცხელია
დისკვალიფიცირებული: ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)
ამ სეზონში: 2:0, 1:1
გორელებს ექვსეულისკენ გზა, დიდწილად, ვიტელებთან საშინაო ფრის შემდეგ ჩაეკეტათ. პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში, “დილამ” “ვიტ ჯორჯიას” ვერ სძლია (1:1) და გემახსოვრებათ, შეხვედრა სკანდალურად დასრულდა. “დილას” ფეხბურთელები ცუდ მსაჯობაზე საუბრობდნენ, კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ კი ნაადრევად, წითელი ბარათის გამო დატოვა მინდორი.
“ვიტ ჯორჯიასგან” განსხვავებით, გორელებს ევროტურნირებზე გასვლის შანსი აქვთ, რადგან თასის ნახევარფინალში არიან. “დილა” ქვედა ექვსეულში მაინც ყველაზე ძლიერად მოჩანს და ალბათ, დიდი ნერვების წყვეტა არ დასჭირდება უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად. ვიტელები კი პერიოდულად ამწარებენ ძლიერ გუნდებს და არაა გამორიცხული, გორიდანაც კმაყოფილნი წამოვიდნენ.
ერთი უცნაურობა, რაც გასულ ტურში დაფიქსირდა: ცხრილში ზედა სამ ადგილზე მყოფი გუნდები შინ თამაშობდნენ და სამივემ წააგო... კიდევ ვიმეორებთ, “შინ” პირობითად, რადგან “ტორპედომ”, მაგალითად, “მიხეილ მესხზე” “უმასპინძლა” ცხინვალის ‘სპარტაკს”.
1 | დილა | 23 | 8 | 8 | 7 | 29:24 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 23 | 8 | 5 | 10 | 29:31 | 29 |
3 | ტორპედო | 23 | 8 | 5 | 10 | 24:32 | 29 |
4 | სპარტაკი | 23 | 7 | 2 | 14 | 21:32 | 23 |
5 | ზუგდიდი | 23 | 6 | 5 | 12 | 14:31 | 23 |
6 | მერანი | 23 | 5 | 3 | 15 | 18:41 | 18 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;