სუპერლიგის მონაწილე გუნდები - თსუ, სტუ და თსსუ საქართველოს მთავრობისგან მინიმუმ 200-200 ათასი ლარით დაფინანსებას ითხოვენ, რათა სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვონ.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ზურაბ ტომარაძის თანაშემწემ გია ტეტელაშვილმა განუცხადა.
“საქართველოს განათლების სამინისტრომ თსუ-ს, სტუ-სა და თსსუ-ს საკალათბურთო გუნდებს დაფინანსება შეუწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს გუნდები სუპერლიგაში თამაშს ვეღარ ახერხებენ. ამის გამო უმუშევარი რჩება 50-მდე კალათბურთელი და 9 მწვრთნელი, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ სარჩენი. სამივე გუნდის წარმომადგენლებმა დახმარება ვთხოვეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რათა მთავრობამ თითოეულ გუნდს სუპერლიგაში მონაწილეობისათვის 200-200 ათასი ლარი გამოგვიყოს. კალათბურთის ფედერაციამ თავის მხრივ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს მიმართა ჩვენი დახმარებისათვის. ამჟამად ვამზადებთ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის სახელზე, რათა გაგვიწიონ დახმარება ზემოთ ნახსენები თანხით”, - გვითხრა ტეტელაშვილმა.