ეს მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ, რადგან გუშინ, ამ არენაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იასპარეზა („ბორჯღალოსნებმა“ სამოას 16:15 სძლიეს), „მცხეთა პარკზე“ - „ვიტ ჯორჯია“ თამაშობდა, ხოლო რუსთავში, „ფოლადზე“ - „მეტალურგი“, ამიტომაც ეს თამაში გორში, ჩატარდა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ შეკრებილ გულშემატკივარს ნამდვილად არ უნანია – შიდა ქართლის გულში ნამდვილი თრილერი იხილეს. თუმცა, სანახაობა ნაწილობრივ მსაჯის შეცდომებმა დაამახინჯა, რომლის შემხედვარე ნეიტრალური და სამართლიანობის მოყვარული გორელი გულშემატკივარიც კი აღშფოთდა.
შეხვედრას მეტოქეები თითო დანაკლისით შეხვედნენ, დისკვალიფიკაციის გამო „სიონს“ მცველი ვალერი აბრამიძე აკლდა, „სპარტაკს“ კი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. მატჩი საშუალო ტემპში დაიწყო და მცირედ აფეთქებებს თუ არ ჩავთვლით, ასევე გაგრძელდა. თავიდან მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი დაზვერეს, შემდეგ კი თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და პირველივე რეალური სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. მე–18 წუთზე დაჩი ფოფხაძე მარცხნიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, მეტოქის მცველებს გვერდი კი აუარა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ბურთი პირით ხაზს იქით გაექცა. ცხინვალელთა პროტესტის მიუხედავად, არბიტრმა თამაში არ შეაჩერა, რასაც ქომაგთა აღშფოთება და ერთი ფრთიანი რეპლიკა მოჰყვა – ლამის ბაზრიდან ჩააწოდა (ფოფხაძემ) და ბურთი მაინც არ იყო გადასულიო?
ფოფხაძის ჩაწოდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან ალექსანდრე გოგობერიშვილს მიუვიდა და მანაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
მიღებულმა გოლმა ცხინვალელები გამოაფხიზლა. კახი კაჭარავას გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ათიოდე წუთში გოლით დამთავრდა. გიორგი თექთურმანიძემ ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ, მეორე ნახევრამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი ბოლნისელებმა უკეთ დაიწყეს, ანგარიშის გაზრდის რეალური შანსებიც ჰქონდათ: 49–ე წუთზე გიორგი ცხადაიამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს გადააცილა, ორიოდე წუთში კი ხელსაყრელი სიტუაციიდან კახელიშვილმა ვერ გაიტანა. 62–ზე აკაკი მიკუჩაძის დარტყმულს „სპარტაკის“ მეკარე ნადირაძე გადაეფარა. მერე კი სტუმართა ჯერი დადგა. „სიონის“ მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ლაშა ჩაფიძემ ისარგებლა, მეტოქეს ბურთი მოპარა და მერლანის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი - 1:2.
ბოლნისელები ასეთ ვითარებას არ შეურიგდნენ და კვლავ შეუტიეს. 82–ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი იზეიმეს, დამსწრეთ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ გიორგი კახელიშვილმა თამაშგარე მდგომარებიდან გაიტანა. თუმცა ამას, ალბათ, ვიდეოფირის დეტალური განხილვა გასცემს პასუხს. მალევე, ლაშა ჩაფიძის დამსახურებული გაძევების გამო, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე და ბოლნელებმა გამარჯვებისა გაიტანეს – ირაკლი სამხარაძის დარტყმული ბურთი ზვიად ლობჯანიძეს ფეხზე მოხვდა, საპირისპირო მხარეს წავიდა და ბადეში აღმოჩნდა - 3:2.
სიონი – სპარტაკი 3:2 (1:1)
24 ნოემბერი. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 500 მაყურებელი
სიონი: მერლანი, დ. სვანიძე, ქემოკლიძე, დ. ფოფხაძე (ცხადაია, 29), ვლ. უგრეხელიძე, განუგრავა (სამხარაძე, 76), გ. ჩივაძე (მიკუჩაძე, 46), ლობჯანიძე, გოგობერიშვილი, აფციაური, კახელიშვილი.
მთავარი წვრთნელი: ვლადიმერ ბურდული
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, თ. შონია, კაკაშვილი (კილასონია, 46), ჩაფიძე, თუხარელი (ფანცხავა, 90), თექთურმანიძე, მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (18), 1:1 თექთურმანიძე (28), 1:2 ჩაფიძე (68), 2:2 კახელიშვილი (83), 3:2 სამხარაძე (85)
გაფრთხილება: ლობჯანიძე (62); მგელაძე (42), თექთურმანიძე (65), ჩაფიძე (71)
გაძევება: ჩაფიძე (84)
მსაჯი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)