ხუთშაბათს, უეფას ევროპის ლიგის გათამაშება პლეი ოფის მატჩებით განახლდა. მატჩების უმრავლესობა ლოგიკური შედეგებით დასრულდა, მაგრამ რამდენიმე სენსაციაც დაფიქსირდა.
ტურინის „იუვენტუსმა“ ფინალისკენ სავალი გზის გაკვალვა „ტრაბზონსფორთან“ საშინაო მატჩით დაიწყო. „ბებერმა სინიორამ“ მეტოქეს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანა და საპასუხო მატჩის წინ, საქმე მნიშვნელოვნად გაიადვილა. მე-16 წუთზე, ტურინელთა ახალწვეული პაბლო ოსვალდო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.
„იუვენტუსი“ მატჩის უკანასკნელ წუთებამდე მინიმალური ანგარიშით იგებდა, რაც არცთუ დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო. იტალიელთათვის საბედნიეროდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან, პოლ პოგბამ შედეგიანად დაჰკრა და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.
ერთობ მოულოდნელი იყო „ტოტენჰემის“ მარცხი „დნიპროსთან“. მართალია, ლონდონელებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ, სერიოზული პრობლემა შეიქმნეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გავიდა - ევგენი კონოპლიანკამ თერთმეტმეტრიანით აიღო ინგლისელთა კარი და „დნიპროს“ მოაგებინა.
ფლორენციის „ფიორენტინა“ „ესბიერგს“ ეწვია და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. „იებმა“ მეტოქეს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს და მომდევნო ეტაპზე გასვლაც თითქმის გაინაღდეს. მატჩის დებიუტში, ფლორენციელთა ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ ანგარიში გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა წონასწორობა მომდევნო წუთსვე აღადგინეს. ტაიმის დასრულებამდე, „ფიორენტინამ“ კიდევ 2-ჯერ დალაშქრა მასპინძელთა კარი და ტაბლოზე 1:3 დაფიქსირდა.
უკრაინის ცნობილი მოვლენების გამო, კიევის „დინამომ“ „ვალენსიას“ ნიქოზიაში უმასპინძლა და დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ღამურებმა“ ედუარდო ვარგასისა და სოფიან ფეგულის გოლებით აიღეს უკრაინელთა კარი და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
სენსაციად მოინათლა „ლუდოგორეცის“ გამარჯვება რომის „ლაციოსთან“ საგარეო მატჩში. იტალიაში მინიმალური ანგარიშით მოგების წყალობით, „ლუდოგორეცმა“ საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
„სუონსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის უგოლოდ დასრულებას ბევრი ნამდვილად ვერ იფიქრებდა. უელსელებს და იტალიელებს საკმარისზე მეტი საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს - 0:0.
ანჟი - გენკი 0:0
ჩერნომორეცი - ლიონი 0:0
დნიპრო - ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 კონოპლიანკა (81პ.)
დინამო (კიევი) - ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 ვარგასი (79), 0:2 ფეგული (90)
ესბიერგი - ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 მატრი (8), 1:1 პუშიჩი (10), 1:2 ილიჩიჩი (15), 1:3 აკვილანი (37პ.)
იუვენტუსი - ტრაბზონსფორი 2:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (16), 2:0 პოგბა (90)
ლიბერეცი - ალკმაარი 0:1
გოლი: 0:1 ვიერგევერი (89)
პაოკ-ი - ბენფიკა 0:1
გოლი: 0:1 ლიმა (59)
აიაქსი - ზალცბურგი 0:3
გოლები: 0:1 სორიანო (14), 0:2 მანე (21), 0:3 სორიანო (35)
პორტუ - აინტრახტი 2:2
გოლები: 1:0 კვარეჟმა (44), 2:0 ვარელა (68), 2:1 ხოსელუ (72), 2:2 სანდრო (77ს.კ.)
ლაციო - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: 0:1 ბეჟაკი (45)
მაკაბი - ბაზელი 0:0
მარიბორი - სევილია 2:2
გოლები: 1:0 მორალესი (33), 1:1 გამეირო (47), 1:2 ფასიო (72), 2:2 ვრსიჩი (81)
ბეტისი - ყუბანი 1:1
გოლები: 1:0 ვილა (3), 1:1 ერემენკო (74პ.)
სუონსი - ნაპოლი 0:0
პლზენი - შახტარი 1:1
გოლები: 1:0 ტეჩლი (62), 1:1 ლუის ადრიანო (65)