იტალიური “რომას” არგენტინელი თავდამსხმელი ერიკ ლამელა ლონდონის “ტოტენჰემში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ამჟამად მადრიდში არიან და გარეტ ბეილის “რეალში” გადასვლის დეტალებს ათანხმებენ. Sky Italia-ს ცნობით, 21 წლის არგენტინელის აგენტებმა სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტეს და თავადაც ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები, უახლოეს დღეებში ლამელა “ტოტენჰემთან” ექვსწლიან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს და ახალ კლუბში ანაზღაურების სახით წელიწადში ორ მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. რაც შეეხება კლუბებს შორის შეთანხმებას, ლონდონელები რომაელებს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.
სერია A-ს გასული სეზონის 33 მატჩში, 21 წლის ლამელამ 15 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.