ფეხბურთი

0:52 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ტორპედომ” სეზონი მოგებით დაასრულა

ქობულეთში გამართულ შეხვედრას მეტოქეთათვის თითქმის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოხდა ისე, რომ თავიანთი გულშემატკივრების ზღვარგადასული საქციელის გამო სფფ-მ ორივე გუნდი დასაჯა და საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში აუკრძალა.

,,მერანმა” ,,საშინაო” მატჩები სხვადასხვა დროს სამტრედიაში, თბილისსა და მცხეთაში ჩაატარა, ახლა კი რიონისპირელებს ქობულეთში ,, ჩელე არენაზე” უმაყურებლოდ უმასპინძლა. შეხვედრას ძალიან კარგი ამინდი დაერთო, სასიამოვნოდ გრილოდა, თუმცა სეზონის უკანასკნელი მატჩი სახიფათო მომენტების მხრივ საკმაოდ მწირი და უინტერესო გამოდგა.

თამაში ,,ტორპედოელთა” უპირატესობით დაიწყო და მათ მე-3 წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. მარტვილელთა გოლკიპერის შეცდომით შეეძლო მარკოზაშვილს ესარგებლა, თუმცა ბოლო მომენტში სიტუაცია გამოცდილმა იობაშვილმა განმუხტა. რიონისპირელთა მეორე მცდელობა შედეგიანი გამოდგა. ელიავა შეტევაში მარცხენა ფლანგიდან ჩაერთო. მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთიანად საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იგი აკრძალული ილეთით  შეაჩერეს. არბიტრმა უყოყმანოდ ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის შესრულება ჩიკვილაძემ ითავა და უძლიერესი დარტყმით ბეგაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა -  0:1

ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები პრაქტიკულად არ იქმნებოდა. ტაიმის ბოლოსკენ თამაში ცოტათი გამოცოცხლდა. 37-ე წუთზე ჩუკვურანი ცდილობდა შორეული დარტყმით ანგარიშის გაქვითვას, მაგრამ კვასხვაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთი ხელებში გააქვავა. 42-ე წუთზე რიონისპირელთა კომბინაციის შემდეგ ტუღუში მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარტვილელ მცველთან ბურთისთვის ბრძოლაში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. ,,ტორპედოელთა” შემტევი პენალტს ითხოვდა, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა. ტაიმის ბოლო წუთზე ქუთათურებმა ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ახლადშესულმა მამასახლისმა განივი გადაცემით კვერნაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ტუღუშს გადასცა. ბექას შეუჩერებელი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

0:1 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით დაიწყო. იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება მარტვილელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და შეტევებს მოუხშირეს. 47-ე წუთზე ბენაშვილის ძლიერად დარტყმულ ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. ,,მასპინძელთა” უპირატესობა საათის მიწურულამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ რიონისპირელებიც გააქტიურდნენ და თამაშიც გათანაბრდა.

61-ე წუთზე მამასახლისი ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა მისი ძლიერი გასროლის შემდეგ ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. 10 წუთში ჩიკვილაძე ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს წინა ხაზიდან, მაგრამ ბეგაშვილმა შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.

შეხვედრის ბოლოს მარტვილელებმა ერთიც გაიბრძოლეს და მეტოქეს მთელი ძალით შეუტიეს, თუმცა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ნახევრად მომენტს, მათ სერიოზული ხიფათი არ შეუქმნიათ. არბიტრის საფინალო სასტვენმა  ,,ტორპედოელთა” გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ზურაბ იონანიძე (,,მერანი’’): ,,სეზონის ბოლო მატჩი იყო და განწყობაც სათანადო იგრძნობოდა, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ისე ერთ მომენტში არბიტრს შეეძლო პენალტი ჩვენს სასარგებლოდაც დაენიშნა.’’

რევაზ ძოძუაშვილი (,,ტორპედო’’): ,,ამ კონტიგენტით რაც შეიძლებოდა მაქსიმუმს მივაღწიეთ. ჩვენ თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით. ახლა მთავარია მიღწეულზე არ გავჩერდეთ. ეს გუნდი შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, რათა მომდევნო სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.’’

 

,,მერანი” (მარტვილი) - ,,ტორპედო’’ (ქუთაისი) 0:1 (0:1)
17 მაისი. 17.00. ქობულეთი.  ,,ჩელე არენა”

,,მერანი”:  ბეგაშვილი, მელიავა, იობაშვილი, ჩუკვურანი, გეგია, ჯღამაია, ბაბუნაშვილი (კ), გეგეჭკორი, ფონიავა (აშორტია 33), ბენაშვილი (დეკანოსიძე 74), ციცხვაია (ფაილოძე 46);

მთ. მწვრთნელი:  ზურაბ იონანიძე

,,ტორპედო”:  რ. კვასხვაძე (კ), ხარაბაძე, თოდუა, ადამაძე, ელიავა, გელაშვილი (ხურციძე 46), სავჩენკოვსი, ჩიკვილაძე, მარკოზაშვილი (მამასახლისი 38), ტუღუში (გოგიჩაიშვილი 83), კვერნაძე;

მთ. მწვრთნელი:  რევაზ ძოძუაშვილი

გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7 პენ.);

გაფრთხილება:  ჯღამაია  (27), იობაშვილი (39), ბაბუნაშვილი (53), გოგიჩაიშვილი (84), დეკანოსიძე (90+1);

არბიტრი: დავით სანოძე

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)

გოლი: თევდორაძე (28) 

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბულია (81) 

 

1      ტორპედო                                    32           14          6           12           43:44           48          
2 ვიტ ჯორჯია 32 13 6 13 41:45 45
3 დილა 32 11 8 13 44:36 41
4 სპარტაკი 32 12 4 16 33:38 40
5 ზუგდიდი 32 10 6 16 26:42 36
6 მერანი 32 6 4 22 21:60 22

 

     

    მეგოლეები:

    19 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

    15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

    12 - ვილი ისიანი (“გურია”)

    11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

    10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

    8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

    7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

    6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

    0.411163