მოგეხსენებათ, დღეს, ქუთაისის “ტორპედო“ 25-ე ეროვნულ ჩემპიონატის პირველ ტურის მატჩს შინ, რუსთავის “მეტალურგის“ წინააღმდეგ გამართავს. რუსთაველებთან დაპირისპირებამდე ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა უკანასკნელი ვარჯიში გუშინ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ სტუმრად ლატვიასთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კიდევ ერთი ტორპედოელი – დავით უბილავაც იქნა გამოძახებული.
დამდეგი მატჩის წინ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ “ტორპედოს” ახალ კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს.
მაქსიმე ქვილითაია: “პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და გორის “დილას“ მივულოცავ ხარისხიან თამაშს და შემდეგ ეტაპზე გასვლას, როგორც მათ, ისე თბილისის “დინამოსაც“ წარმატებებს ვუსურვებ ევროპის ლიგაზე.
ცოტას ვღელავ, რადგან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ საშუალება მომეცა ქუთაისის “ტორპედოს“ პირველი მეკარე ვიყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ ხნის მანძილზე ხალხის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ორმაგად სასიხარულოა, რომ კაპიტანიც გავხდი, მადლობა ყველას ამ მეტად საპასუხისმგებლო სტატუსის მონიჭებისთვის.
რაც შეეხება განწყობას და მზადყოფნას ჩემპიონატის სტარტისთვის, მოსამზადებელი ეტაპები ნაყოფიერად გავიარეთ, თურქეთიდან კარგ ხასიათზე ჩამოვედით და იმედია, ასეც გავაგრძელებთ.
ვფიქრობ, “მეტალურგთან“ მატჩში ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსები ექნება. პირველი თამაშია და შეიძლება ლამაზი ფეხბურთი ვერ ვაჩვენოთ, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებთ , რომ ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“.
ზაზა ჭელიძე: “თურქეთში, მეორე უცხოურ შეკრებაზე, ყველაფერი იყო, რომ კარგად მოვმზადებულიყავით. ახლა, მთავარია, რომ 3 ქულით დავიწყოთ ჩემპიონატი, რის შედეგადაც ჩვენც კარგი განწყობა გვექნება და გულშემატკივრებსაც, თუმცა “მეტალურგი“ საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს და რასაკვირველია, რთულ მატჩს ველოდებით.
ვინც მეტად დაიხარჯება, გამარჯვებაც მას დარჩება. მართალია, ჯერ სათანადოდ შეთამაშებულები არ ვართ, თუმცა გუნდში გვყავს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი კუხიანიძე, რომელსაც თამაშის თავის თავზე აღება და გუნდისთვის შედეგის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, ასეთ დროს იგი განსაკუთრებით საჭირო მოთამაშეა“.
დღევანდელი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას “ტორპედოს” ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
www.fctorpedo.ge