კალათბურთი

14:15 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 27 წუთი და 6 ქულა ჰიუსტონში

ფაჩულიას “მილუოკი” ზედიზედ მეთერთმეტედ დამარცხდა


თორნიკე შენგელიამ “ჰიუსტონ როკეტსს” 6 ქულა ჩაუგდო, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია. ეს მოხდა “ბრუკლინ ნეთსის” გასვლით მატჩში, რომელიც ჯეისონ კიდის გუნდმა 95:114 წააგო.

ბრუკლინელთ ახალბედა მწვრთნელი შესაძლოა გადაყვეს ამდენ წაგებებს, თუმცა ჯეისონ კიდს მყარი არგუმენტიც აქვს – დერონ უილიამსს და ხუთეულის სხვადასხვა წევრებს ტრავმები აწუხებს. მაგალითად, ჰიუსტონში გუნდს უილიამსი, კირილენკო და ტერი აკლდა, გარნეტი კი კიდმა დაასვენა, რამაც ქართველ ფორვარდს და სხვა ახალბედებს მოედანზე გასვლის შანსი მისცა.

მატჩი ცალფარა გამოვიდა. “ჰიუსტონი” ბრუკლინელებს პირველი ტაიმის შემდეგ 25 ქულით ამარცხებდა და სათადარიგოებსაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ. “ნეთსის” ახალბედა მეისონ პლამლიმ 8-დან 7 ორიანი ჩააგდო და 16 ქულა მოაგროვა. მირზა ტელეტოვიჩმა კი სულაც ორმაგ დუბლს გამოკრა ხელი – 18 ქულა, 13 მოხსნა.

შენგელიამ 27 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. “ბრუკლინს” 4 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა შენგელიას გუნდს ხვალ, გამთენიისას მემფისში ელის.

ზედიზედ მეთერთმეტედ დამარცხდა ზაზა ფაჩულიას “ბაქსი”. მილუოკელებმა ამჯერად შარლოტში, “ბობქეთსთან” წააგეს, რაც ძირითადად ალ ჯეფერსონის დამსახურებაა, რომელმაც 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და მასპინძლებს 92:76 გაამარჯვებინა.

ქართველი ცენტრი მყარადაა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე ბევრ დროს აღარ ატარებს. ამჯერად მან 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულია მთელს ნბა-ში მე-6 ადგილზეა საჯარიმო სროლების ზუსტად შესრულებაში. ზაზა სროლათა 91.9 პროცენტს აგდებს და ლიგაში მხოლოდ დირკ ნოვიცკის (94), კევინ მარტინს (93.8), ჯეი ჯეი რედიკს (92.2), გრეივის ვასკესს (92) და ჯრიუ ჰოლიდეის (92) ჩამორჩება. რამდენიმე დღის წინ ზაზა პირველი იყო 94 პროცენტით.

2 მოგება-13 წაგებით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი ხვალ, გამთენიისას, შინ “ბოსტონთან” აქვს.

www.gbf.ge

0.15927