რაგბი

14:04 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 14-ში სამმა ითამაშა

მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები “მიხეილ მესხზე” სამოასთან ისტორიული გამარჯვებისთვის იბრძოდა, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მე-12 ტურის თამაშები გაიმართა და მასში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” გიორგი ჟღენტის “პერპინიანს” უმასპინძლა და და 15:9 იმარჯვა. ტულონელი ქართველები “ბორჯღალოსანთა” მაისურით იბრძოდნენ, ჟღენტი კი, სტუმართა განაცხადში იყო და მე-10 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაში ორკაციანი უპირატესობა ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჯარიმებით 51-ე წუთისთვის 15:3 დაწინაურდნენ, დასკვნით 20 წუთში ორი ჯარიმა თავადაც გაუშვეს და მეტოქეს პრემიალური ქულა გაატანეს. “ტულონი” 36 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “პერპინიანი” 29 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

35 ქულით მეორეა დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელმაც დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” პრემიალური ქულით, 47:14 დაამარცხა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ის თანაგუნდელების გასამხნევებლად თბილისშიც იყო ჩამოსული. ხინჩაგიშვილმა ქვეყნის წინაშე ვალი კანადისა და აშშ-ს ნაკრებების წინაშე თამაშისას მოიხადა, მერე კლუბს დაუბრუნდა და “კლერმონის” წინააღმდეგ შეცვლაზე 30 წუთი იბურთავა. ის რომ მოედანზე შევიდა, ანგარიში უკვე 0:40 იყო, მერე სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს და ერთი თავად გაუშვეს, ჯამში კი, “კლერმონმა” ლელოებით 6:2 იმარჯვა. “რასინგ მეტროს” 27 ქულა აქვს, მე-10 ადგილზე, მაგრამ საპლეიოფო ექვსეულს მხოლოდ ერთი მოგება აშორებს.

35 ქულა აქვს და “კლერმონს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელმაც “უაიონი” 14:3 დაამარცხა. ტულუზელთა ქართველები ტრავმებს იშუშებენ და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” აუტსაიდერ “ბიარიცს” უმასპინძლა და 9:14 დამარცხდა. შველიძე ტრავმირებულია, ხოლო ასეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მერე 11 უპასუხო ქულა მიიღეს და 3:11 ჩამორჩნენ. დასკვნით 30 წუთში “ბრივმა” ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ შუაში არეკნი მიიღო და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველთა გუნდს 28 ქულა აქვს, მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

პრემიალურ ქულას დასჯერდა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელიც ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” მისსავე მოედანზე 20:16 დაამარცხა. გორგოძე და ნარიაშვილი სამოელთა წინააღმდეგ იბრძოდნენ, ფეიქრიშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. თამაშის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, “მონპელიემ” ტაიმი 10:9 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმა გაუშვა, მაგრამ მერე ორი თავად გაიტანა და 16:12 დაწინაურდა. გადამწყვეტი დასკვნითი ათი წუთი აღმოჩნდა, რომლის დროსაც “კასტრმა” ჯერ ლელო, შემდეგ კი ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შედეგად, “კასტრი” 31 ქულით მე-5 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “მონპელიე” 33 ქულით მე-4 პოზიციამდე დაეშვა. 31 ქულით მე-6 საფეხურზეა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელიც ბორდოში ზაზა ნავროზაშვილის გუნდთან 23:45 დამარცხდა. პარიზელთა ქართველები არც კი დაფიქრებულან, ისე გამოცხადდნენ ნაკრების შეკრებაზე და სამოას ძლევით უდიდესი სიამოვნებაც მიიღეს. ნავროზაშვილს საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ თამაში არ უწევს და განაცხადში ვერც ამჯერად მოხვდა. მისმა “ბორდომ” ორის წილ ექვსი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, რის შემდეგაც ჯამში 25 დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა.

ტოპ 14-ის მორიგი ტურის თამაშები 29-30 ნოემბერს გაიმართება, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი “ბორჯღალოსნები” ამჯერად საკუთარ კლუბებს სრულად დაუბრუნდებიან და ტურიც ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

0.133532