რაგბი

20:35 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ის ქართველები ხურდებიან

 

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი ლეგიონერებიც ნელ-ნელა ფორმაში შედიან.

ტურის პირველ მატჩში ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” “კასტრს” უმასპინძლა და პრემიალური ქულით, 35:6 იმარჯვა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა. მისი შეცვლისას გუნდს სამი ლელო ჰქონდა გატანილი 25:6 იგებდა, მერე კი, მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მათ ტაიმი მხოლოდ 13:6 მოიგეს, მაგრამ თამაშის განახლებიდან 8 წუთში ორი ლელო გაიტანეს და გამარჯვებულის ბედიც იქვე გადაწყდა. ტულუზელებს ორი თამაშის შემდეგ 9 ქულა მოუგროვდათ და მეორე ადგილზე არიან.

სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა “ბრივისა” და “კლერმონის” დაპირისპირებაში და სამივე სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივი” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” მასპინძლობდა. ასიეშვილი განაცხადში არ იყო, შველიძისა და ზირაქაშვილის დუელი კი, მთელი პირველი ტაიმი გაგრძელდა. მერე შველიძე შეცვალეს, ხოლო ზირაქაშვილმა მოედანზე 74 წუთი გაატარა. შეუცვლელად ითამაშა “ლიონიდან” დაბრუნებულმა მესამეხაზელმა კოლელიშვილმა.

თამაში უხეში გამოდგა და რეფერიმ ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა. მათ შორის 22-ე წუთზე ზირაქაშვილი, რომელმაც მეტოქე მხრებს ზევით შებოჭა. სალელოვე შანსი ორი ორივე გუნდს ჰქონდა ერთ-ერთ ეპიზოდში “ბრივის” შეტევა იმის გამო შეჩერდა, რომ შველიძემ მბოჭავი ბურთიან მორაგბესთან არ მიუშვა და ბლოკისთვის დაჯარიმდა. საბოლოოდ ყველაფერი კარში დარტყმებმა გადაწყვიტა, “კლერმონმა” ექვსი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, “ბრივმა” მხოლოდ ორი ჯარიმა და სტუმრებმა 21:6 იმარჯვეს. ამრიგად, “კლერმონმა” მეორე თამაშიც მოიგო და 8 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 5 ქულით მე-7-ე პოზიციაზეა.

გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” “ოინაქსს” უმასპინძლა, 38:12 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სტუმართა ორ ლელოს მათ ხუთით უპასუხეს და ეს ყველაფერი 43-ე წუთამდე მოხდა. მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, ქართველი პირველხაზელი კი, თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. “ბაიონისთვის” ეს პირველი გამარჯვება იყო და 5 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” მიიღო და 30:21 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. ბორდოელებისთვის ეს მეორე მოგება იყო და 8 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან, ხოლო “რასინგ მეტრო” 4 ქულით მე-9-ე საფეხურზეა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “გრენობლი” 20:17 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ბურჯმა შეუცვლელად ითამაშა, რაც მისი პოზიციის მოთამაშისთვის დიდი მიღწევაა. მასპინძლები შერკინებაში დომინირებდნენ და ტაიმი 9:0 მოიგეს, მაგრამ სტუმრებმა მეორე ნახევარში გარდატეხის შეტანა შეძლეს და საათის თავზე “გრენობლი” უკვე 17:9 დაწინაურდა. დასკვნით 12 წუთში “მონპელიემ” ინიციატივის დაბრუნება შეძლო. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, 74-ე წუთზე კი, 5-მეტრა შერკინებიდან მეტოქე საკუთარ ჩათვლის მოედანში შეათრიეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო - 17:17. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მასპინძლებმა გამარჯვების ჯარიმა გაიტანეს და ახლა 5 ქულით მე-8-ე ადგილზე არიან.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” 60:19 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ პირველხაზელმა ჩილაჩავამ მიიღო, რომელიც თამაშში 50-ე წუთიდან აქტიურად ჩაერთო. ტულონელებმა სამი ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად 9 გაიტანეს და მაყურებელს სახალისო თამაში შესთავაზეს. “ტულონი” 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” ნული ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “ლიონს” დაძაბულ ბრძოლაში 23:20 აჯობა. პარიზელები 20 წუთის შემდეგ 17:0 იგებდნენ, ტაიმი 20:8 დასრულდა, ხოლო 54-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაიზარდა, მაგრამ სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და 72-ე წუთისთვის სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. “სტად ფრანსეს” საბედნიეროდ, ამგარიში აღარ შეცვლილა და მათ 4 ქულა ჩაიწერეს. ქუბრიაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, მისი გუნდი კი, ორი თამაშიდან ორი მოგებით და 8 ქულით მე-5-ე ადგილზეა. Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 29-30 აგვისტოს გაიმართება.

თეგებიTop 14
0.178576