6 სექტემბერს გერმანიის ნაკრები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ავსტრიის ეროვნულ გუნდს მიუნხენის “ალიანც არენაზე” უმასპინძლებს. ამ შეხვედრისთვის ალემანთა უპირველესი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს ტონი კროოსს უხმო. ბავარიელთა 39-ე ნომერს გერმანელმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს, კროოსი კი საკუთარი მზადყოფნით კმაყოფილებას არ მალავს.
- გარკვეული პაუზის შემდეგ იოაჰიმ ლიოვმა ნაკრებში გიხმოთ და ავსტრიასთან მატჩში განაცხადში მოხვდებით...
- ამ ამბავმა ძალიან გამახარა – მე ხომ გერმანიის ეროვნულ გუნდში ბოლოს თებერვალში ვითამაშე. მახარებს ისიც, რომ ავსტრიელებს მიუნხენში მივიღებთ, შორს გამგზავრება არ დამჭირდება. სერიოზულად თუ ვიტყვი, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა მეტად სასიამოვნოა. ბუდესმანშაფტის სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდება ჩემი ამოცანაა. ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის იღბლიანი არ გამოდგა, თუმცა, მას შემდეგ მოყოლებული ვამტკიცებ, ჩემი ჩამოწერა სასურველი რომ არაა.
- მზად ხართ ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმის პერიოდში მის შესაცვლელად და მისი ფუნქციების შესასრულებლად?
- ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს “ექვსიანის” პოზიციაზე დამაყენებენ, “რვიანის” თუ “ათიანის” – მწვრთნელის ნებისმიერ დავალებას აკურატულად და მონდომებით შევასრულებ. ამჟამად კარგ ფორმაში გახლავართ და პოზიციას მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
- რამდენიმე დღის წინათ ევროპის სუპერთასი მოიგეთ. იქნებ გაიხსენოთ სიტუაცია, რომელიც მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი სერიის დაწყებამდე სუფევდა...
- გვარდიოლად ფეხბურთელებს მოგვანდო ხუთეულის შერჩევა. მწვრთნელს დიდხანს ცდამ არ მოუწია – 5 “მოხალისე” მალე გაირკვა.
- თავად ეს ფეხბურთელები იყვნენ ინიციატორები?
- რასაკვირველია. ამ ხუთეულის ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავი. პეპი დამეთანხმა, მეც ჩემი პენალტი გავიტანე. ტველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.
- სუპერთასის მსვლელობისას ჩეხის კარის მიმართულებით პენალტი რომ დანიშნულიყო, დარტყმას გარისკავდით?
- საამისოდ ყოველთვის მზად ვარ. თუკი დამავალებდნენ, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.
- ევროპის სუპერთასის მოგება თქვენთვის განსაკუთრებით სასიხაროლო იქნება იმის ფონზე, რომ ტრავმის გამო წინა სეზონის 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვეთ – ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალები...
- დღემდე არ მავიწყდება სასოწარკვეთის ის გრძნობა, როდესაც გაირკვა, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას რომ დავაკლდებოდი. რა გაეწყობა, ტრავმა პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამჟამად დაზიანებების გამო ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე და ტიაგო ალკანტარა ვერ თამაშობენ. ყოველმხრივ ვცდილობ, ისინი გავამხნევო.
- მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ტრავმის მოშუშების შემდეგ გაორმაგებული ენერგიით თამაშობთ. ნამდვილად ასეა?
- წინასასეზონო პერიოდში მეტად ნაყოფიერად და ინტენსიურად ვიმუშავე. მიზნად ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა მქონდა დასახული და ვფიქრობ, ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერი. თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და 100 პროცენტით ვარ მზად საბრძოლველად. იმედია, სეზონის მიწურულამდე ასე იქნება.
- ხოსეპ გვარდიოლა “ბაიერნის” თამაშს ერთი საყრდენი ნახევარმცველით აწყობს. ეს იუპ ჰაინკესის სტილისგან განსხვავდება. რას ფიქრობთ ამ მომენტზე?
- დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. გვარდიოლა ერთი შემტევით მეტით გვათამაშებს, ასე რომ, ჩვენი საიერიშე პოტენციალი გაიზარდა. “ბაიერნი” თანდათან უმატებს და თამაშს აუმჯობესებს. გაიხსენეთ ჩვენი ბოლო მატჩები – მოწინააღმდეგეებს ჩვენ კართან ხიფათის შექმნა სულ უფრო და უფრო უჭირთ. ამასთან ჯერჯერობით საკმარისზე მეტ ინდივიდუალურ შეცდომებს ვუშვებთ. მაგალითად, როდესაც “ჩელსისთან” შეხვედრისას დანტეს ფეხი დაუცდა, ეს ხომ არ იყო სქემის ან სისტემის შეცდომა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთანაც კი, როგორიც “ჩელსია”, სინქრონულად და მაღალ დონეზე ვახერხებთ საკუთარი წინასამატჩო ჩანაფიქრის ასრულებას.