ფეხბურთი

17:30 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტიტულებზე დამშეული “მატადორი”

კავანისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბაიერნია"

 

იტალიური “ნაპოლის” ვარსკვლავი ედინსონ კავანი უკვე 26 წლისაა და კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. ურუგვაელი ნეაპოლელი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელია და ალბათ, ფორვარდს “სან პაოლოზე” სწორედ ეს აძლებინებს. შესაძლოა, მიმდინარე სეზონი კავანის ნეაპოლიტანურ კარიერაში უკანასკნელი იყოს, რადგან მისით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპული მედიასაშუალებები კავანის კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებენ, უტიტულობაა. ნამდვილად დასანანია, რომ ასეთ ფეხბურთელს საკლუბო კარიერაში მხოლოდ იტალიის თასი აქვს მოგებული. ბოლო ხანებში, სამხრეთამერიკელის გასხვისებაზე ალაპარაკდა “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც მთავარმეგოლე 63 მილიონ ევროდ შეაფასა. Soccer.ru-მ ურუგვაელისთვის იდეალური კლუბის ვარიანტები განიხილა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

კავანის დედა არ მალავს, რომ მის შვილს სხვა კლუბში თამაში სურს. იტალიური მედიასაშუალებები ურუგვაელის სახელს მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებენ, დე ლაურენტისი კი, მზადაა 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს მიჰყიდოს ნეაპოლელი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი.

შეიძლება ითქვას, კავანისთვის იდეალური კლუბი ნეაპოლშია, მაგრამ ეს გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში, კავანიმ 45 გოლს მოუყარა თავი, რითაც ელიტარული ჩემპიონატების ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სახელი მოიპოვა. იტალიური დაცვა მსოფლიოში სახელგანთქმულია, მაგრამ ნიჭიერ ფორვარდებს არც ამ ქვეყანაში უჭირთ თავის გამოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შედეგები ვერ ექნებოდათ ფრანჩესკო ტოტის, ანტონიო დი ნატალეს, მიროსლავ კლოზესა და სხვებს. გოლების საშუალო მაჩვენებლით, კავანი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ცხადია, აქ არ იგულისხმება მარიო ბალოტელი, რომელიც “მილანს” ზამთარში შეუერთდა.

თამაშის სტილით, კავანი მადრიდის “რეალსაც” შეეფერება და კატალონიის “ბარსელონასაც”, მაგრამ დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი თანხა ბევრ კლუბს აფრთხობს. მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო, კავანის ბევრ კლუბში კარი დახურული აქვს. ნეაპოლელთა შემტევის გადაბირება “იუვენტუსს” დიდი ხანია სურს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს. არადა, ტურინელებს ტრანსფერი 2 წლის წინათ რომ გაეჩარხათ, ახლა, ურუგვაელი, სულ ცოტა, “სკუდეტოს” მფლობელი იქნებოდა. კავანის კლუბის შეცვლა ზაფხულის სატრანსფერო სეზონშიც შეეძლო, მაგრამ ნეაპოლელი გულშემატკივრების ხათრით, “სან პაოლოზე” დარჩა. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში, თავდამსხმელი ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება და კლუბს სუფთა სინდისით დატოვებს.

კავანის არცთუ ბევრი ვარიანტები ექნება. ცხადია, თუკი დე ლაურენტისმა ურუგვაელი დაბალ ფასად არ დათმო, რაც თითქმის გამორიცხულია. “ნაპოლის” “შვიდიანის” ოჯახში ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ ედინსონი მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში ითამაშებს. ალბათ, მორალური თვალსაზრისით, ამისთვის თავად ფეხბურთელიც მზადაა. კავანის ძმამ “რეალის”, “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” მხრიდან ინტერესი დაადასტურა, მაგრამ მიუნხენის “ბაიერნზე” არაფერი უთქვამს. აპენინელი ჟურნალისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ურუგვაელის გადაბირება “ბაიერნის” მომავალ თავკაც პეპ გვარდიოლას სურს.

“ბაიერნმა” ფულის ყადრი კარგად იცის და ძვირადღირებულ ტრანსფერებს იშვიათად ახორციელებს, მაგრამ მარიო გომესისა და ხავი მარტინესის მაგალითები სახეზეა. მიუნხენელებს პირველი მათგანი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ, მეორე – 40 მილიონი ევრო. “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა კავანიში 63 მილიონი ევროს გადახდა. გერმანული პრესის ცნობით, გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მიუნხენელები სატრანსფერო ბაზარზე სოლიდურ თანხას დახარჯავენ, რაც ურუგვაელს “ალიანს არენასთან” კიდევ უფრო აახლოვებს.

კავანისთვის “სიტიში” გადასვლა სარისკოა, რადგან არც კი იცის, ვინ იქნება “ქალაქელთა” თავკაცი მომდევნო სეზონში. რაც შეეხება “ჩელსის”, თუკი ლონდონში ჟოზე მოურინიო დაბრუნდება, მისი მთავარი მიზანი მადრიდის “ატლეტიკოდან” რადამელ ფალკაოს ყიდვა იქნება, ურუგვაელი კი, კოლუმბიელის სათადარიგო ვარიანტად დარჩება. კარგი ვარიანტია “რეალი”, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად დააკმაყოფილებენ მადრიდელები დე ლაურენტისის მოთხოვნას. საერთო ჯამში, კავანისთვის საუკეთესო ადგილი მაინც “ბაიერნია”. ცნობილია, რომ მომდევნო სეზონიდან, მიუნხენელებს პეპ გვარდიოლა უთავკაცებს. კატალონიელი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, რაც ყველა ფორვარდს (მით უფრო სამხრეთამერიკელს) განსაკუთრებით ხიბლავს. თანაც, გერმანიის ბუნდესლიგაში თავდამსხმელებს საწუწუნო არაფერი აქვთ, რადგან ალემანები საკმაოდ გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გვარდიოლა იტალიური ფეხბურთის დიდი მოყვარულია და აპენინელებში საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, კატალონიელმა ნეაპოლელებს კავანის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნადაც კი დააკლებინოს. სადღეისოდ, “მატადორი”, როგორც მას ნეაპოლში უწოდებენ, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ყველა კლუბს როდი აქვს მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ალბათ, კავანი “ბაიერნში” თავს იდეალურად იგრძნობს, რადგან ამ კლუბში, ცენტრფორვარდებს მოსაწყენად ნამდვილად არ სცალიათ. ნახევარდაცვის ხაზი და გარემარბები ცენტრფორვარდის მომარაგებაზე არიან ორიენტირებულნი, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი, მიუნხენელებს არასდროს უჭირდათ. “ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ის თავდამსხმელი ხვდება, ვინც მომენტებს უკეთ იყენებს. ამის დასტურია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში, მარიო მანჯუკიჩმა მარიო გომესი ჩაანაცვლა და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეგოლეს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. ვინ იცის, კავანის “წყალობით”, იქნებ, ძირითად თერთმეტეულში ადგილი ხორვატმაც დაკარგოს. “მატადორს” სახელიც აქვს და კლასიც. ერთადერთი, რაც აკლია, ტიტულებია... 

0.141856