მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, ტიაგო მენდეში, დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ “ატლეტიკოში” ფულის გამო არ დარჩენილა.
ფეხბურთელის თქმით, მას ზაფხულში რამდენიმე კლუბი ფინანსურად უკეთესი წინადადებით ეპატიჟებოდა, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან მისთვის ფული მთავარი არაა და იქ დარჩა, სადაც ბედნიერია.
“მქონდა შანსი, “ატლეტიკო” დამეტოვებინა და ისეთ კლუბებში მეთამაშა, რომლებიც ფინანსურად უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ. მაგრამ, “ატლეტიკოში” ფულის გამო არ ვარ. ეს კლუბი მიყვარს და ამიტომაც დავრჩი აქ.
სეზონის დასასრულს ძალიან კარგი შემოთავაზებები მივიღე და მათზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და იქ დავრჩი, სადაც ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერზე, დიეგო სიმეონესაც ვესაუბრე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში”, – განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.
ირაკლი ალიმბარაშვილი