ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ექვსი ერის ქვედა დივიზიონს სპეციალური სტატია მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული რაგბით სიამოვნების მიღება ექვსი ერის მიღმაცაა შესაძლებელი.
“ევროპის მეორე დივიზიონის გუნდებს - საქართველოს, რუმინეთს და რუსეთს, ასევე აშშ-სა და კანადის ნაკრებებს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. რატომღაც, ხშირად ავიწყდებათ, რომ ევროპაში რაგბს ექვსი ერის მიღმაც თამაშობენ. ცოტა ხნის წინ საქართველომ სამოას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის პრემიერლიგისთვის ცნობილი სახეები - კან ფოტუალიი, ენტონი პერენისე, ჯეიმს ჯონსტონი და კენ პისი თამაშობდნენ. თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართულ მატჩს 18 ათასი მაყურებელი დაესწრო და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 16:15.
გასულ შაბათს საქართველომ და რუმინეთმა პორტუგალიასთან და რუსეთთან 34-34 ქულა აიღეს. ეს გუნდები ერთმანეთთან მორიგ მატჩს 15 მარტს, თბილისში გამართავენ. გამარჯვებული 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში ახალ ზელანდიასთან მოხვდება, წაგებულს კი, საფრანგეთთან, ირლანდიასთან და იტალიასთან მოუწევს თამაში. ვისაც სწამს, რომ აღმოსავლეთ ევროპას რაგბიში დიდი პოტენციალი აქვს, ისინი ამ თამაშებს მოუთმენლად დაელოდებიან.
რუმინელებს ისეთი ძლიერი გუნდი აღარ ყავთ, როგორიც კომუნისტური ეპოქის დროს ყავდათ, მაგრამ შავი ზღვის ამ ქვეყნების გუნდები უდიდესი მონდომებით თამაშობენ. 2002 წელს, საქართველოსა და რუმინეთის მატჩს თბილისში 45 ათასი მაყურებელი დაესწრო, ხოლო 1957 წლის 19 მაისს, როდესაც რუმინელებმა საფრანგეთს უმასპინძლეს ტრიბუნებზე 95 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე, “მუხებმა” შოტლნადია ძლიერ შეაშინეს, სანამ 24:34 დამარცხდებოდნენ. ყველას ახსოვს 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორდოში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა, რომელიც ირლანდიელებმა 14:10 მოიგეს, უკანასკნელ მსოფლიო თასზე კი, შოტლანდიამ მხოლოდ 15:6 მოიგო და საქართველომ ინგლისთანაც კარგი თამაში აჩვენა.
ახლა წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს, მომავალ კვირაში მაგალითად შოტლანდია საქართველოში რომ მიდიოდეს? ქართველთა შერკინების და გასულ უქმეებზე “მარიფილდზე” განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აღელვებული ადამიანი შოტლანდიელთა შერკინების მწვრთნელი ჯონათან ჰამპრისი იქნება. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს დახმარებით, თანამედროვე აკადემიებში ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყო. Top 14-ის ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო მოთამაშე საქართველოს ნაკრების სული და გული მამუკა გორგოძეა და აქ მოთამაშე ყველა თავმოყვარე გუნდს, შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ქართველი მაინც ყავს.
რაგბის საერთაშორისო საბჭო ვერ მოითხოვს ამ ყველაფრის ექვსი ერის თასზე ასახვას, როგორც ეს 2000 წელს, ტურნირზე იტალიის დამატებით მოხდა. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში უმთავრესი ფინანსური მხარეა. არადა, შარშან ბოლო ადგილზე საფრანგეთი გავიდა და წელს მას ერთა თასზე ბელგიასთან და ესპანეთთან მოუწევდა თამაში. მაგრამ მუშაობა უკვე დაწყებულია 2016 წლიდან ერთა თასის ორ მოწინავე გუნდს პირველი დონის გუნდებთან კიდევ უფრო მეტი თამაშის საშუალება ექნება. მთლიანობაში, პროგრამა ათ წელიწადზეა გათვლილი და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ჩვენ საერთაშორისო რაგბის მეტი გლობალიზაცია უნდა მივიღოთ”.