კალათბურთი

20:59 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასში "ALL STAR"-ის კვირეულმა აიღო სტარტი

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, დღეს გამთენიისას, სტარტი აიღო "ALL STAR"-ის კვირეულმა, რომელიც გაიხსნა ამომავალ ვარსკვლავთა მატჩით. ნბა-ს ახალბედები მეორეწლიანთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ. გუნდებს სათავეში თNთ-ის საკალათბურთო ანალიტიკოსები, შაკილ ონილი (ახალბედები) და ჩარლზ ბარკლი (მეორეწლიანები) ედგნენ.

შეხვედრა შოუს სახეს ატარებდა და ჩავარდნილი ქულების რაოდენობით რეკორდიც დამყარდა. "ჩაკის" გუნდმა "შაკის" გუნდს შანსი არ დაუტოვა და 28 ქულიანი სხვაობით გაანადგურა - 163:135.

ორივე გუნდის კალათბურთელები დაცვაში თამაშით თავს არ იკლავდნენ, პირიქით, ხშირად მეტოქეს ხელს არ უშლიდნენ ლამაზი კომბინაციების გათამაშებაში და თვითონაც ცდილობდნენ ეფექტურად ემოქმედათ შეტევაში. ახალბედათა ნაკრებიდან თავი გამოიჩინა ნიკოლა ვუჩევიჩმა, რომელმაც მეტოქეს ორი სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, რამოდენიმე ძალიან ეფექტური პასი შემოგვთავაზა ესპანელმა "ფანტაზისტა" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ, კაირი ირვინგმა ერთ ეპიზოდში ისეთი ფინტები გაუკეთა "დეტროიტის" ძირითად გამთამაშებელ ბრენდონ ნაითს, რომ იგი მოცელილივით დაეცა პარკეტზე, გასული სეზონის დრაფტის ლიდერმა კი მშვიდად გადაგზავნა ბურთი კალათში. მატჩის კულმინაცია ბოლო წუთებზე გახლდათ, როდესაც ორივე გუნდის კალათბურთელები ერთმანეთის მიყოლებით ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ეფექტურად ჩატენიდა ბურთს კალათში. ამ კომპონენტში გამოირჩა "დენვერის" ფორვარდი კენედ ფარიდი, რომელმაც 22 წუთში 40 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა და შეხვედრის MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა.

 

გიორგი ბარბაქაძე

0.121083