ფეხბურთი

13:59 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: ჩვენთვის სტუმრად მოგება ძნელია

ყაზახეთის ნაკრებთან სტუმრად ამხანაგურ მატჩში დამარცხების (0:1) შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. ამის შესახებ, ყაზახური ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი იუწყება.

- განვლილ მატჩში, თქვენს შეგირდებს რა არ გამოუვიდათ?

- კარგი მატჩი გამოვიდა. თამაშს 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქისთვის არაფერი დაგვითმია, მაგრამ წავაგეთ. სექტემბერში ჩასატარებელ ოფიციალურ რთულ მატჩებამდე, კარგი ტესტი იყო. შესარჩევ ჯგუფში ქულები უნდა ავიღოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ყაზახეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ყაზახური ფეხბურთის 100 წლისთავისთვის კარგი საჩუქარი მიიღო.  

- ყაზახეთის ნაკრების სისწრაფეებმა გაგაკვირვათ?

- როდესაც გაქცევის საშუალება გაქვს, ეს რატომ არ უნდა გააკეთო? მთავარია, მცველისგან გათავისუფლდე. როდესაც წინ თავისუფალი სივრცეა, “გახსნის” ბევრი შესაძლებლობაა. იყო მომენტები, როცა დაცვაში ყურადღება არ უნდა მოგვედუნებინა. შეცდომები დავუშვით. ამ მომენტებში გაგვიმართლა კიდეც, რომ გოლი არ გავუშვით. ჩვენ ვცდილობდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

- საქართველოს ნაკრებს, ამხანაგური მატჩების შედეგებისადმი რა დამოკიდებულება აქვს? თუ, ასეთ ფორმატში ჩატარებული შეხვედრების შედეგი, არცთუ მნიშვნელოვანია?

- ამ თამაშს ამხანაგურად არ მივიჩნევთ. შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ ჯგუფში არ ვთამაშობთ, მაგრამ სარეიტინგო ქულებია საჭიროა, რადგან ისინი, კენჭისყრის დროს, კარგ ჯგუფში მოხვედრის საშუალებას გაძლევს. სამწუხაროდ, სტუმრად უკვე მე-7 თამაში ჩავატარეთ. ჩვენთვის სტუმრად მოგება ძნელია. უნდა ვიმუშავოთ და იმედია, მომდევნო ამხანაგურ თამაშს სახლში ჩავატარებთ.

- პირველი ტაიმის შემდეგ, ყველაზე აქტიური მოთამაშეები - #10 (ჯანო ანანიძე, რედ.) და #2 (თორნიკე ოქრიაშვილი, რედ.) - რატომ შეცვალეთ?

- გვსურდა ყველა იმ ფეხბურთელს ეთამაშა, რომლებიც ჩამოვიყვანეთ. ის ბიჭები, ვინც მოედანზე მეორე ტაიმში გავიდნენ, არ ვფიქრობ, რომ უფრო ცუდად გამოიყურებოდნენ. 

- მსაჯობა თუ მოგეწონათ?

- რადგან მეკითხებით, ე.ი. ამ საკითხზე რაღაც ჩემზე უკეთ იცით. კომენტარის გაკეთება არ მინდა. ყველაფერი ნათელია.

- როგორ ფიქრობთ, მეორე ტაიმში, თქვენი გუნდის დაცვა მოდუნდა? ყაზახებს ხომ მეორე გოლის გასატანად ბევრი მომენტი ჰქონდათ.

- მცველები შეტევაში ერთვებოდნენ და უკან დიდ თავისუფალ სივრცეს ტოვებდნენ. ამიტომ, ჩვენი კონტრშეტევების დროს, მეტოქე საპასუხო შეტევებით გვპასუხობდა. ეს, ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა, როდესაც რისკავ და წინ მიდიხარ. სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ასეთი თამაშის ფონზე მარცხი, საწყენია. განვლილ შეხვედრაში, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ჩვენ უფრო მეტს ვუტევდით, ბურთს ვფლობდით, მაგრამ წავაგეთ.  

- 80-იანი წლების ქართული ფეხბურთი ყველას გვახსოვს. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ფეხბურთელებს რა აკლიათ, რომ ისე ითამაშონ, როგორც მაშინ?

- მაშინ, სხვა დრო იყო. აქ 1987 წელს ვითამაშე თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში. მატჩი შუადღეს ჩატარდა. ძალიან ცხელოდა და 0:3 წავაგეთ. ეს ფაქტია და მისი დამალვა საჭირო არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელების თაობას ველით. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ითამაშეს. თუმცა, ბევრი მათგანი საქართველოს ჩემპიონატის გუნდების სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება. ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვითარება გაუმჯობესდება.

- 100 წლისთავზე, ყაზახურ ფეხბურთს რას უსურვებთ?

- რა თქმა უნდა, ყოველივე კარგს. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან შორს არაა. ჩემი სურვილია, რომ ეს მეგობრობა გაგრძელდეს. მადლობა მოწვევისთვის და კარგად მიღებისთვის. აქ ყოფნა გვახარებს, მაგრამ ცხადია, წაგება არ გვიხარია. თუმცა, მეგობრებთან წავაგეთ და იმედია, ჩვენი მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება.


0.118611