მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში, “დინამო არენაზე” საფრანგეთთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ჯერ საქმე მხოლოდ სანახევროდაა გაკეთებული.
თემურ ქეცბაია: “უპირველესად, როგორც მწვრთნელმა მინდა გითხრათ, რომ ბიჭებით ვამაყობ. მათ დღეს ისეთი თამაში ჩაატარეს... იმედი მაქვს ქართული ფეხბურთისთვის რთულ პერიოდში ეს შედეგი დაგვეხმარება, რათა ჩვენი ფეხბურთისთვის რაღაც გაკეთდეს. საფრანგეთის ნაკრებს, რომელსაც ასეთი მოთამაშეები ჰყავს, არაფერი დავუთმეთ. მომენტები საფრანგეთსაც ჰქონდა და ჩვენც. ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, ბევრი წააგო. ალბათ, ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული, რადგან გულშემატკივრებს ხელი ბევრჯერ ვკარით და ისინიც სტადიონზე აღარ მოდიან. ჩვენ ჯერ ნახევარი საქმე გავაკეთეთ. ოთხ დღეში ფინეთის ნაკრებს ვეთამაშებით და იმედია შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას, როდესაც ასეთი გულშემატკივრები გვეყოლება, რომლებიც დღეს ბიჭებს ბოლომდე გვერდით დაუდგნენ”.
- დღევანდელი დღე ფეხბურთელებმა შექმნეს. რა იყო წარმატების მიზეზი? ვის გამოარჩევდით?
- ასეთ თამაშში ვინმეს გამორჩევა ძნელია. ყველა ფეხბურთელმა, რომელიც პირველი წუთიდან იყო მოედანზე თუ ბოლოს შემოვიდა, თავისი წვლილი შეიტანა ქართველი გულშემატკივრებისთვის ლამაზი საღამოს ჩუქებაში. არ მჩვევია, რომ ვინმეზე ვილაპარაკო და გამოვარჩიო. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მთლიანად გუნდს მადლობას ვუხდი. თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბევრს მივაღწევთ. ჩემი აზრით, ეს ბიჭები უკეთეს შედეგს მიაღწევენ. იმედი მაქვს, იმ მიზანს, რომელიც 23 წელია დასახული გვაქვს, ავასრულებთ”.
- მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი ნაკრებმა განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა და საგოლე მომენტიც შექმნა. შესვენებაზე გუნდს ხომ არ დაავალეთ, რომ უფრო მეტად შეეტია?
- შესვენებაზე ვილაპარაკეთ, რომ ფრანგები მეტისმეტად გადავაფასეთ და წინ უფრო თამამად უნდა წავსულიყავით. კარგია, რომ მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ. მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ და ხალხიც მეტად დაგვიდგა გვერდით. ძნელია თქმა, რომ ფრანგების დამარცხება შეგვეძლო. საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შინ უკეთ თამაშობს. საქართველოში რაც მეტ თამაშს ჩავატარებთ, უკეთესი იქნება. იმედია, ეს შედეგი დაგვეხმარება მომავალში, რომ თბილისში მეტი ამხანაგური მატჩი ვითამაშოთ.
- ფრანგებმა მატჩამდე აბუჩად ხომ არ აგვიგდეს? თამაშის წინა დღეს ფრანგი ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ მათი გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებდა...
- შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რომ ვინანო. ამიტომ, არ გიპასუხებთ.
- როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სჭირდება. თამაშის მერე გასახდელში დავით თარგამაძეს თუ გადაეხვიეთ?
- უნდა მოვიგოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველი წუთიდან 5 თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს. რატომ არის სულ საუბარი, რომ ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეგ ამბები? რა ბოღმა ჩიტი ყოფილა.
- ზურაბ ხიზანიშვილი არ ათამაშეთ. განვლილმა მატჩმა ხომ არ აჩვენა, რომ ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგენით?
- თამაშამდე ზურას ვესაუბრე. სამი ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთს ყვითელი ბარათი ჰქონდა. რომელიმეს “ყვითელი” რომ მიეღო ერთი ცენტრალური მცველის გარეშე დავრჩებოდით. ნაკრებმა ისე ითამაშა, რომ მომავალში შემადგენლობის შერჩევისას კიდევ დავფიქრდებით.
- ფრანგებთან მატჩში ჩვენ გუნდში სათამაშო დისციპლინა სჩანდა, რაც აქამდე ჩატარებულ მატჩებში არ იყო...
- ალბათ, ამხანაგურ მატჩებს გულისხმობთ. ტესტ-მატჩებს რომ ვიგებდით, ამბობდნენ მეტოქეები არ ვარგაო. ამხანაგური მატჩები იმისთვისაა, რომ თავის გამოჩენის საშუალება ყველას მისცე. ალბათ, ამგვარ თამაშებში მონდომებაც იმდენი არაა. თუმცა, ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ გუნდისთვის ამხანაგური თამაშიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. სამწუხაროა, რომ ქართული ფეხბურთისთვის ცუდი სეზონი იყო. მე ევროთასებს ვგულისხმობ. წაგებაც არის და წაგებაც. თავიდან ჩვენ რომ ნაკრებში მოვედით, ვთქვით, რომ ფეხბურთელები მოედანზე გავლენ და ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენ ვთქვით, რომ არ იქნება 0:3 და 0:5 წაგება, მხოლოდ ნახევარი საათი თამაში, რის შემდეგ მაყურებელი სტადიონიდან წავა.
- იმედია, ფინეთთან ნაკრები თქვენი ხელმძღვანელობით მე-11 თამაშს მოიგებს...
- არ მიყვარს რაიმეს შეპირება. იმედია, ფინეთთან მატჩში სტადიონზე მეტი გულშემატკივარი მოვა.
- დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს წარმატების მიღწევა ასეთი თამაშით შეუძლია და სამომავლოდ, ტაქტიკის შეცვლა საჭირო არაა...
- ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთში ჯერ 2 თავდამსხმელი დავაყენეთ, შემდეგ – 3, ბოლოს მოედანზე 5 შემტევი გვყავდა. მთავარი ის კი არაა, ფეხბურთელი წინ როგორ გარბის, არამედ, უკან როგორ ჩამოდის. ნაკრების დონეზე ყველას ვერ მოვუგებთ. ფრანგებთან რომ ფრე ვითამაშეთ, მსოფლიოსთვის უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახებთან წაგება. შესაძლოა, ვიღაცას ეს არ მოსწონს, მაგრამ ასეა.