ფეხბურთი

17:29 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ღონღაძე: “სასიამოვნოა, როცა თამაშს შენი გუნდი კარნახობს”

“დილას” რომ გავუტანო, არც მაშინ გამოვხატავ სიხარულს 


რამდენიმე წელია, თემურ ღონღაძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება. ბევრის აზრით კი, უდავოდ საუკეთესოა ამ პოზიციაზე. 28 წლის ღონღაძე, როგორც იცით, გორის “დილადან” “ზესტაფონში” დაბრუნდა და გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს.

თურქული შეკრება, პირადი მიზნები და სხვადასხვა თემები – “მსოფლიო სპორტი” ღონღაძეს ესაუბრა:

-       უპირველესად, თურქეთში გავლილ შეკრებაზე ვთქვათ. რამდენად დატვირთული და სასარგებლო იყო “ზესტაფონისთვის”?

-       საკმაოდ ნაყოფიერი იყო, კარგ მეტოქეებთან ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ. “ზესტაფონი” ახალი დაკომპლექტებულია და ასეთ დროს, მოგეხსენებათ, შეთამაშების პრობლემა დგას. შეთამაშებას დრო სჭირდება და თურქული შეკრება ამ მხრივ ძალიან წაგვადგა.

-       კიდევ რა დრო დასჭირდება “ზესტაფონს” საიმისოდ, რათა შეთამაშების პრობლემა ბოლომდე მოიხსნას? 

-       გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან თითქმის მთელი გუნდი შეიცვალა. თანდათან უკეთ ავთამაშდებით.  

-       სპარინგ-მეტოქეებიდან რომელს გამოარჩევდით?

-       უფრო “ჩერნომორეცს” გამოვარჩევდი. უკრაინაში ხუთეულის კლუბია, ევროპის ლიგაზე გამოდის, თუმცა შეგვეძლო, მათთან დადებითი შედეგი მიგვეღო. სათამაშო უპირატესობა გვქონდა ბურთის ფლობასა და საგოლე მომენტების რაოდენობაში. ასევე, “ორჰუსიც” კარგი გუნდია.

-       შეკრებაზე მუდმივად მარჯვენა მცველად თამაშობდით?

-       ერთხელ მომიწია მარცხნივ, დანარჩენი სულ მარჯვენა მცველი ვიყავი.

-       მარცხნივ ადრეც გითამაშიათ და დისკომფორტს არ გრძნობთ?  

-       არა. თუ გუნდს დასჭირდება, მარცხნივაც შემიძლია. ისე, მარჯვენა მცველად მირჩევნია, მაგრამ მარცხნივ როცა მითამაშია, დისკომფორტი არც მაშინ მიგრძვნია.

-       “ზესტაფონის” კაპიტნად აგირჩიეს. რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და პატივია?

-       რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა და ერთგავარად საამაყოცაა. სასიხარულოა, როცა თანაგუნდელები ნდობას გიცხადებენ. მეგობრული გუნდი ვართ და ვფიქრობ, ეს კაპიტნის ტვირთს შემიმსუბუქებს.

-       კაპიტანს სიმკაცრე სჭირდება... შეძახილები, მითითებები. გაქვთ ეს თვისებები?

-       ასე რომ არ იყოს, არ ამირჩევდნენ. მესმის, რასაც გულისხმობთ და გეთანხმებით. სწორედ ამაზე ვამბობ, რომ როცა გუნდი მეგობრულია და ჯანსაღი სიტუაციაა, იქ შედარებით იოლია კაპიტნობა.

-       საქართველოში არაერთ კლუბში გითამაშიათ და კაპიტანი სადმე ყოფილხართ?

-       უმაღლეს ლიგაში არა. “ვიტ ჯორჯიას” მეორე გუნდში ვიყავი კაპიტანი. ბავშვთა გუნდშიც.

-       ბავშვობაშიც მარჯვენა მცველი იყავით?

-       არა, ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი 14-15 წლამდე.

-       ალბათ, იქიდან მოგდევთ შეტევებში კარგად ჩართვა...

-       შესაძლოა. ვცდილობ, შეტევაში მეტი სარგებელი მივცე გუნდს. კარგია, როცა ფლანგელი მცველი იერიშებში ხშირად ერთვება და გუნდისთვის წინა ხაზზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნის.

-       შარშან, როცა “დილაში” თამაშობდით, “ზესტაფონს” გოლი გაუტანეთ და არ აღნიშნეთ. ამან “ზესტაფონის” ქომაგების თვალში ავტორიტეტი აგიმაღლათ...

-       ასეც უნდა მოვქცეულიყავი. მანამდე ხომ “ზესტაფონში” ვთამაშობდი. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერია ამაში. პატივისცემის ნიშანი იყო ჩემი ყოფილი კლუბის მიმართ.

-       “დილაში” გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

-       რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ “დილას” მიმართ. და საერთოდ, სადაც მითამაშია, ყველა კლუბის მიმართ მადლიერი ვარ. ყველგან იყო დადებითი და უარყოფითიც, მაგრამ ის პიროვნება არ ვარ, უარყოფითი გულში ჩავიდო. მაგალითად, წეღან გოლის არაღნიშვნაზე მკითხეთ და “ზესტაფონის” მაისურით “დილას” რომ გავუტანო, არც მაშინ გამოვხატავ სიხარულს. პოზიციიდან გამომდინარე, გოლების სიმრავლით არ გამოვირჩევი, მაგრამ მაინც...

-       ნაკრებში თამაშის ამბიციაც გექნებათ...

-       ამბიცია მაქვს. მეც იმ ფეხბურთელების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებისთვისაც ნაკრებში თამაში დიდი სიხარული და დიდი პატივია. მწვრთნელის გადასაწყვეტია – თუ საჭიროდ ჩათვლის ჩემს გამოძახებას, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება.

-       ასაკობრივ ნაკრებებში, როგორც მახსოვს, არ გითამაშიათ.

-       მხოლოდ 17-წლამდელებში ვიყავი კობა ჟორჟიკაშვილის მწვრთნელობის დროს, თუმცა ფინალურ ეტაპზე, რომელიც დანიაში ჩატარდა და 8 საუკეთესოს შორის მოხვდა ნაკრები, გუნდში არ ვიყავი. მანამდე, შესარჩევის რამდენიმე მატჩში ვითამაშე. 

-       დაბოლოს, მწვრთნელის ფაქტორზე: გია გეგუჩაძეს როგორ დაახასიათებდით?

-       ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც “ზესტაფონში” დავბრუნდი, გია გეგუჩაძის მწვრთნელობა იყო. სასიამოვნოა, როცა შენი გუნდი კარნახობს თამაშს, როცა თავისუფლად და ლაღად თამაშობ. მე 28 წლის ვარ, მაგრამ გუნდში 20-21 წლის ბიჭები გვყავს, რომლებიც სწორედ ასეთი ფეხბურთით უფრო მეტად განვითარდებიან. “ზესტაფონი” ამ მხრივ მშვენიერი კლუბია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119728