რაგბი

16:16 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისის თასისთვის” მზადება დაიწყო

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) და საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ შარშან დაარსებული “თბილისის თასი” 2014 წლის ივნისშიც გაიმართება.

14-დან 22 ივნისის ჩათვლით, “ბორჯღალოსნები” ტურნირის ფარგლებში, რომელიც მეორე დონის ქვეყნებისთვის 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადების და პირველი დონის ქვეყნებთან დაახლოების ერთ-ერთი საშუალებაა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, არგენტინის “იაგუარებს” (A ნაკრები) და “მზარდ” იტალიას (A ნაკრები) “ავჭალაზე” უმასპინძლებენ. შარშანდელის მსგავსად, ტურნირი წელსაც წრიული სისტემით გაიმართება და სამი სათამაშო დღის განმავლობაში ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება, რომლის შემდეგაც ყველაზე მეტი ქულის მომგროვებელი ნაკრები გამარჯვებულად გამოცხადდება. მატჩები 14, 18 და 22 ივნისს გაიმართება.

“თბილისის თასი” - ტურნირი, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება, სარაგბო კუთხით დიდ როლს თამაშობს მონაწილე გუნდებისა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით. პარალელურად, რუმინეთში იმართება IRB-ს ერთა თასი წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისთვის “წყნარი ოკეანის თასი”, რომელშიც შარშან აშშ-სა და კანადის ნაკრებები ჩაერთვნენ.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ იგანის თქმით: “რუმინეთის ნაკრებზე ბრწყინვალი გამარჯვებით, საქართველომ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა და კიდევ ერთხე დაამტკიცა, რომ მათ სარაგბო მატჩების მასპინძლობა უმაღლეს დონეზე შეუძლიათ. წლევანდელ “თბილისის თასზე”, საქართველოს ნაკრებს ისეთი გუნდების წინააღმდეგ მიეცემა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების შესაძლებლობა, როგორებიც “მზარდი” იტალია, არგენტინის “იაგუარები” და ესპანეთის ნაკრებები არიან, რითაც ისინი კარგ გამოცდილებას დააგროვებენ და მოემზადებიან გაისად გასამართი მსოფლიო თასისათვის."

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა: “მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის საერთაშორისო საბჭოს, რადგან წელს კვლავ მოგვეცა თბილისის თასის მასპინძლობის შესაძლებლობა. ეს ტურნირი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარებისთვისა და პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ნაკრების მომზადების პროგრამისთვის, ასევე, ქართული რაგბის ქომაგებისათვის, რომლებიც ხშირად არ იყვნენ განებივრებულნი ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებით”.

ინფორმაციას “თბილისის თასის” ბილეთებთან და ტურნირთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზე, მოგვიანებით მოგაწვდით.

 

თბილისის თასი 2014. “ავჭალა”

14 ივნისი

საქართველო - ესპანეთი (17:00 საათი)

მზარდი იტალია - იაგუარები (19:00 საათი)

18 ივნისი

საქართველო - იაგუარები (17:00 საათი)

მზარდი იტალია - ესპანეთი (19:00 საათი)

22 ივნისი

საქართველო - მზარდი იტალია (17:00 საათი)

იაგუარები - ესპანეთი (19:00 საათი)

0.151194