რაგბი

22:35 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისის კავკასიელების” პირველი სპარინგი

ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართული რაგბის გულშემატკივარი დღეს, როდესაც ქართული კლუბები, გნებავთ კლუბების ნაკრები, ევროთასებში ჩაერთვებოდა და ერთ კვირაში ეს ოცნება რეალობად იქცევა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბების ნაკრები, რომელსაც “თბილისის კავკასიელები” ჰქვია, 20 სექტემბერს იტალიაში, ხოლო 27 სექტემბერს თბილისში, “ავჭალაზე”, იტალიურ “რაგბი როვიგო დელტას” დაუპირისპირდება და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული რანგით მეორე დონის “ჩელენჯ ქაფის” პირველ ჯგუფში “კარდიფთან”, “ლონდონ აირიშთან” და “გრენობლთან” მოხვდება. მოკლედ, ოცნება ასრულდა და პირველ ოფიციალურ თამაშამდე “კავკასიელებმა” რუსთავის “ხარების” მორაგბეებით გაძლიერებულ “ლოკომოტივთან” სპარინგ მატჩი გამართა.

მაგრამ ამ გუნდის (კლუბების ნაკრების) ევროთასებში, ასე მნიშვნელოვან ტურნირში ჩართვისადმი ინტერესი არც ისე მაღალი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. “კავკასიელების” საქმეში ნახვის სურვილი მხოლოდ 200-მდე ადამიანმა გამოთქვა, რომელთა უმეტესობა მოედანზე მყოფი მოთამაშეთა ნათესავები და ახლობლები, ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები იყვნენ. ეგებ ეს იმან განაპირობა, რომ მატჩი ამხანაგური, სატესტო იყო, მაგრამ ბიჭებს გამხნევება ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდებათ და ასეთ უყურადღებობას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და “კავკასიელები” იტალიაში გამგზავრებამდე იგრძნობენ ყურადღებას, მერე კი, 2 ათასიანი “ავჭალის” სტადიონი პირთამდე შეივსება.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის “კავკასიელების” გამარჯვებით დასრულდა - 36:0, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგარიში ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობოდა და ერთგვარი მუხტიც აკლდა, რის გამოც ბურთი შეტევაში არაერთხელ დაიკარგა. ლელოს გატანის რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ბურთის ვერშემაგრების, ან პასის არასწორად გაცემის გამო დაიკარგა. მერე მათ რატომღაც ანგარიშის ჯარიმით გახსნა გადაწყვიტეს და ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა, პირველი ტაიმის შუაში კი, პირველი ლელო გავიდა.

ცენტრალური ხაზის სიახლოვიდან წამოწყებული სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც შემტევებმა მეტობა გაითამაშეს და ალექსანდრე თოდუამ ანგარიში გახსნა. ხუთიოდე წუთში “კავკასიელებმა” 5-მეტრა დერეფანი მოიგეს, ბაჩანა გოგიშვილმა “ლოკომოტივის” დაულაგებელ დაცვას შეუტია და თანაგუნდელის დახმარებით მიზანს უწია. ირაკლი ყიასაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 14:0 დასრულდა.

შესვენებაზე ცვლილებები მრავლად განხორციელდა, რაც ბუნებრივიცაა. ლევან მაისაშვილს სურდა, რომ საქმეში ყველა ენახა, ფაქტი კი ისაა, რომ მეორე ნახევარში გუნდი, უფრო ზუსტად მისი უკანა ხაზი კარგად ამუშავდა და შეცდომების რაოდენობაც შემცირდა. თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც “კავკასიელებმა” დერეფნიდან მოლი დააყენეს და ბურთი ბაჩო კოლელიშვილმა დაამიწა. მეოთხე ლელო ლამაზ კომბინაციას მოყვა: მარჯვენა ფლანგზე შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ, უკანა ხაზმა იერიში მარცხენა ფლანგზე სწრაფად გაშალა, წითელ ზოლში ბურთი ძირს დავარდა, თუმცა, გიორგი აფციაური სიტუაციას არ გამოეთიშა და ლელოში შეიჭრა.

აღსანიშნავია, რომ აფციაურმა მთელი 80 წუთი გარემარბად ითამაშა, ისე კი, მას ფილბეკად და 10 ნომერზეც შეუძლია გარჯა. მეხუთე ლელოც გაშლილი იერიშის შედეგად გავიდა: ამჯერად მარცხენა ფლანგზე დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, მარჯვენა გვერდით ხაზთან აფციაური ჯერ ერთ მცველს დაუსხლტა, მეორესთან კონტაქტში შევიდა და ბურთი ლელოში თირნიკე ცერცვაძეს შეაყოლა. ტაიმის ბოლოს “კავკასიელებმა” მეტოქის დაცვა ხანგრძლივი შეტევით მოარღვიეს და “ლოკომოტივის” ჩათვლის მოედანში გიორგი სანიკიძე თემურ სოხაძემ შეუშვა. ამრიგად, “კავკასიელებმა” პირველ მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმეს და იმედია, შეცდომების აღმოფხვრის შემდეგ 20 სექტემბრის მატჩიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდება.

ლევან მაისაშვილი (“თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი): “ამ თამაშის შემდეგ, შემადგენლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნები მოგვეხსნა. უკვე ზუსტად ვიცით იმ 26 მორაგბის ვინაობა, ვინც როვიგოში გაემგზავრება. თავიდან ცოტა არეულად დავიწყეთ თამაში, მაგრამ ეს ბუნებრივია. შეუთამაშებელ გუნდს ქარიც დაერთო და ამან გარკვეული გავლენა იქონია. ბიჭებს მეტი დრო დაჭირდათ თამაშის გასახსნელად, თუმცა მრავლად იყო ისეთი შეცდომებიც, რომლებიც კარგია ახლა რომ გამოჩნდა. ვიდეო ანალიზს რომ ჩავატარებთ, იმედია, მოთამაშეები მიხვდებიან ვარჯიშის დროს რას ვგულისხმობდით. არ შეიძლება შეტევაში ამდენი ბურთის დაკარგვა, რადგან წინ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე გველოდება, ვიდრე დღეს გვყავდა და ის ამას არ გვაპატიებს. მთლიანობაში, პირველი თამაშის კვალობაზე ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დარჩენილ სამ დღეში მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ნაკლოვანებები.

უკმაყოფილო ვარ იმით, რომ არ შესრულდა ის კონკრეტული დავალებები, რომელიც ბიჭებს მივეცი. საწყისი 25 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ასეთი დიდი უპირატესობის ფონზე, უქულოდ ვიყავით. დაცვის პრობლემები არ გამოჩენილა, რადგან უმეტესად ჩვენ გვქონდა ბურთი. იყო ეპიზოდები, როდესაც ბიჭები აგრესიულად მოქმედებდნენ დაცვაში და ამით კმაყოფილი ვარ. ეს სწორედ ისაა, რაზეც ჩვენი თამაში უნდა ავაწყოთ. მაგრამ აუცილებელია, რომ როვიგოში ასეთი აგრესიული წნეხი მთელი 80 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს, სხვა მხრივ წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

“როვიგოს” შესახებ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. დღეს-ხვალ ველოდებით ამ გუნდისა და “ძებრეს” ამხანაგური მატჩის ვიდეოანალიზს. თუ ეს მოხერხდა ძალიან კარგი იქნება”

0.119566