ჩოგბურთი

16:05 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მაკონის ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი 50 ქულა შეიმატა 177-ედან 158-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველ ჩოგბურთელს მომავალი კვირისთვის როკ ჰილის ფინალში გასვლით გამომუშავებული 34 ქულაც შეემატება და კლასიფიკაციაში კიდევ დაწინაურდება.

სულ, WTA-ს რეიტინგში 8 ქართველი ჩოგბურთელია, რომელთაგან სიახლეა თამარ ჭალაგანიძის და მარიამ ბოლქვაძის გამოჩენა. ისინი კლასიფიკაციას გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ:

177 (158). ანა ტატიშვილი – 397; 231 (233). სოფო შაფათავა – 245; 274 (276). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 517 (482). მაკა ჩახნაშვილი – 71; 594 (572). ეკატერინე გორგოძე – 49; 717 (723). სოფო ქვაცაბაია – 28; 1188 (1191). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1200 (1202). მარიამ ბოლქვაძე – 3;

მიმდინარე კვირაში ტატიშვილი აშშ-ში რჩება და ფლორენსის 25-ათასიან ტურნრიში ითამაშებს. ანას მე-4 განთესვა გააჩნია, პირველი რეიტინგი კი კოლუმბიელ მარიანა დუკუე-მარინოს აქვს მიკუთვნებული, რომელთანაც ქართველი ჩოგბურთელი როკ ჰილის ტურნირის ფინალში დამარცხდა.

კვლავ იაპონიაში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც ამჯერად ძალებს ჰამამაცუს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ტურნირში მოსინჯავს. სოფო მე-3 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ნაცუმი ჩიმურას გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავა და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იაპონელებს – ინოუეს და ოკადაუეს ეთამაშებიან.

ანტალიაში მორიგ 10-ათასიან ტურნირში ჩაებმებიან ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-7 განთესვის მქონე გორგოძე პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კატარინა სტრესნაკოვას (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება, ხოლო ქვაცაბაია ძალებს ბელგიელ კიმბერლი ციმერმანთან მოსინჯავს.

წყვილებში გორგოძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაური ყაზახ გულნაზ დოკის და რუს ვალერია მაკსიმჩენკოს ეთამაშებიან, ხოლო ქვაცაბაიას და თურქი ესენ კოკჩეს მე-3 განთესვის მქონე დუეტი ფრანგებს – კამილ ჩელის და ალიქს კოლომბონს დაუპირიპირდება.

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა ალექსანდრე მეტრეველმა. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ ყაზახი სერიჟან იესენბეკოვი დაამარცხა – 7:5, 6:2, შემდეგ კი ესპანელ ხოსე ვიდალ აზორინს მოუგო – 6:3, 6:1. ძირითად ბადეში ალექსანდრეს პირველი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

აქვე დავძენთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეტრეველს 7 ქულით 1119-ე ადგილი უკავია, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია. იგი 102 ქულით 385-ეა.

0.137302