ჩოგბურთი

14:23 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მიჩიგანში 100-ათასიან ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი თოვლიან მიჩიგანში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ძალებს მიდლენდის 100-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს. ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეშია დაშვებული და მისი პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ისიც ვთქვათ, რომ DOW CORNING TENNIS CLASSIC-ზე პირველ ნომრად პოლონელი ურსულა რადვანსკა გახლავთ განთესილი, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 45-ე ადგილი უკავია. მას კვალში შვეიცარიელი რომინა ოპრანდი (94-ე) და ბელარუსი ოლგა გოვორცოვა (98-ე) უდგანან.

შტატებშივე, კალიფორნიულ რანჩო სანტა ფეში დაწყებულ ტურნირში ჩაერთო თამარ ჭალაგანიძე. FRESH START WOMEN'S OPEN-ის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში, მე-16 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი რეიჩელ რიდი 6:2, 6:3 დაამარცხა და შემდეგ შეხვედრაში კიდევ ერთ მასპინძელ ჯესიკა ფაილას გაეჯიბრება.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გადაინაცვლა სოფო შაფათავამ, რომელმაც გასულ კვირაში ფრანგულ გრენობლში 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგში იმარჯვა. შაფათავა Tallink Open VIII-ში პირველი განთესვით ჩაებმება.

უკვე ტრადიციულად, ანტალიის მორიგ 10-ათასიან ტურნირზე იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. წინასწარი ვარაუდით, გორგოძე მე-3 ნომრად იქნება განთესილი და ქვაცაბაიაც ძირითად ბადეში მოხვდება.

ამასობაში, WTA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ჩოგბურთელებს საგრძნობი ცვლილებები არ შეხებიათ. ჩვენებურთაგან საუკეთესო ანა ტატიშვილს 554 ქულით კვლავ 115-ე ადგილი უკავია.

115 (115). ანა ტატიშვილი – 554 ქულა; 207 (209). სოფო შაფათავა – 288; 316 (317). ოქსანა კალაშნიკოვა – 150; 407 (414). ეკატერინე გორგოძე – 99; 451 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 833 (832). სოფო ქვაცაბაია – 20; 1184 (1184). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1233 (1234). თამარ ჭალაგანიძე – 3;

წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო კალაშნიკოვას 1632 ქულით 53-ე პოზიცია უკავია, ტატიშვილი 1085 ქულით 82-ეა, ხოლო შაფათავა 382 ქულით 178-ე გახლავთ.

ცნობისთვის, ამჟამად კალაშნიკოვა ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება და პრესტიჟულ Qatar Total Open 2014-ის (საპრიზო ფონდი 2 440 070 დოლარი) წყვილთა შეჯიბრში იასპარეზებს.

საწყის რაუნდში ოქსანა და ფრანგი კაროლინ გარსია გერმანელ კრისტინა ბარუას და ფრანგ ლაურა ტორპეს გაეჯიბრებიან. გამარჯვების შემთხვევაში, კალაშნიკოვა და გარსია 105 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

0.115191