9 თებერვალს დაწყებული ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის პირველი გათამაშება, რომელშიც 1996 წელს დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებული რეგიონალური ნაკრებები ასპარეზობენ, 28 თებერვალს დასრულდება. ზამთრის უკანასკნელ დღეს 12:00 საათზე ,,ტორპედოს’’ ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთს მე-3 ადგილისათვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო 14:00 საათზე ,,ცენტრალურზე” ფინალური მატჩი დაიწყება.
განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა ნახევარფინალური წყვილების 24 თებერვალს გამართულ საპასუხო შეხვედრებს. როგორც ვიტყობინებოდით, ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე პირველივე მატჩში გაირკვა, როცა ქუთაისში გამართულ შეხვედრაში იმერეთი-1-მა მეტოქე, სამეგრელოს პირველი გუნდი, 7:0 გაანადგურა. განმეორებით დაპირისპირებას პრაქტიკულად ფორმალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა მეგრელმა ჭაბუკებმა თავი აღარ შეირცხვინეს და საკუთარ კედლებში მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, აქ უფრო დაძაბული ბრძოლა გახლდათ მოსალოდნელი. პირველ მატჩში კახელებმა თბილისელთა მეორე გუნდთან საკუთარ მოედანზე 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქში ჩასატარებელი განმეორებითი შეხვედრის წინ გვარიანი ფორა შეიქმნეს.
საპასუხო შეხვედრა მართლაც დაძაბული გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელებმა მეტოქის გატეხვა მატჩის ბოლოს მოახერხეს, კახელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ამრიგად, ტურნირის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ფინალურ მატჩში ერთამენთს იმერეთის პირველი და თბილისელთა მეორე გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო მე-3 ადგილისთვის კახეთისა და სამეგრელოს პირველი გუნდის ჭაბუკები იბრძოლებენ.
ვახტანგ დათიაშვილი