უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” ლვოვის “კარპატის” უმასპინძლა და მარცხს დავით თარგამაძის გოლის წყალობით გადაურჩა.
განვლილი მატჩი 1:1 დასრულდა და თარგამაძის მსგავსად, თორნიკე ოქრიაშვილმაც შეუცვლელად ითამაშა. “კარპატის” სათადარიგოში იყო უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ევგენი ბოხაშვილი, რომელსაც მოედანზე შესვლა არ მოუწია. ლვოველებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს _ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ბალაჟიჩმა ბურთი კარში გადაგზავნა.
83-ე წუთზე, “კარპატის” კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და თარგამაძემ სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მიმდინარე სეზონში, ქართველი გარემარბისთვის ეს გოლი პირველია. “ილიჩივეცს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი უკავია.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში, სარანსკის “მორდოვიამ”, საკუთარ მოედანზე, ორენბურგის “გაზოვიკს” 1:0 მოუგო.
სარანსკელთა შორის აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ორენბურგელთა შემადგენლობაში ზურაბ არზიანი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. 90-ე წუთზე, როდესაც “მორდოვია” 1:0 იგებდა, ხუბუტია მეტოქის მიერ დარტყმულ ბურთს გადაეფარა და მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა. “მორდოვიას” 15 ქულა აქვს და პირველი დივიზიონის 19 გუნდში მე-2 ადგილზეა, ხოლო “გაზოვიკი”9 ქულით მეექვსეა.
ვლადიკავკაზის “ალანიამ” სტუმრად კალინინგრადის “ბალტიკა” 1:0 დაამარცხა. ვლადიკავკაზელთა შორის ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას კვლავ არ უთამაშიათ, რადგან განაცხადში ვერ შეიყვანეს. “ბალტიკაში” მეკარე გიორგი შელია შეუცვლელად გაისარჯა. “ალანია” 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” გასვლაზე სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” უგოლოდ დაშორდა. “სკა-ენერგიაში” გიორგი ნავალოვსკი თავიდან ბოლომდე გაისარჯა. სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა დისკვალიფიკაციამოხდილი გოგიტა გოგუა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს.
ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” შინ “ნეფტეხიმიკს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა მცველმა გურამ თეთრაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. “ნეფტეხიმიკის” რიგებში, ასევე რუსული პასპორტის მქონე მერაბ ურიდია 86-ე წუთზე გამოჩნდა. “ლუჩ-ენერგია” 7 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო “ნეფტეხიმიკი” 2 ქულით მეჩვიდმეტეა.