ფეხბურთი

2:44 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის სუპერფინალი

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებს უმაღლესი დონის ფეხბურთი მონატრებული ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, პრაღაში გამართულ ევროპის სუპერთასს უკმაყოფილო არავინ დაუტოვებია. ცალკე საკითხია ლონდონის „ჩელსის“ ქომაგთა განწყობა, მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ 120 წუთის განმავლობაში, ტოპკლასის მატჩი ვიხილეთ, რომლის ბედიც თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მიუნხენის „ბაიერნმა“ და ევროპის ლიგის ტრიუმფატორმა ლონდონის „ჩელსიმ“ ერთმანეთს უკანასკნელ წუთამდე არაფერი დაუთმეს. გუნდებმა მატჩი ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პეპ გვარდიოლას დამოძღვრილმა მიუნხენელებმა აქცენტი ბურთის ფლობასა და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებაზე გააკეთეს. გარკვეულწილად, „ბაიერნს“ ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ გოლი მაინც თავის კარში მიიღო – ედენ აზარის დაწყებული შეტევა ანდრე შიურლემ გააგრძელა, ფერნანდო ტორესმა კი, მაღალი კლასი გამოავლინა და მანუელ ნოიერი უშანსოდ დატოვა.

ამის შემდეგ, მიუნხენელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მე–2 ტაიმი „ბაიერნმა“ ძალზე მწვავედ დაიწყო და მიზანსაც მალე მიაღწია – უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ შორი მანძილიდან ყუმბარისებული დარტყმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

85–ე წუთამდე, თავდაცვაზე არცერთი კლუბი ფიქრობდა, ლონდონელთათვის ამ მეტად უსიამოვნო წუთს, მსაჯმა მოედნიდან რამირესი გააძევა და ჟოზე მოურინიოს გუნდი უმცირესობაში დატოვა. იქამდე კი, ლონდონელებს დაწინაურების ბრწყინვალე შანსები ჰქონდათ – ოსკარმა დანტეს „ნაჩუქარი“ მომენტი ვერ გამოიყენა, ბრანისლავ ივანოვიჩის თავური კი, ხარიხამ მოიგერია.

რამირესის გაძევების შემდეგ, მოურინიო დაცვით ტაქტიკაზე გადაეწყო და თამაშის აგება კონტრშეტევებზე სცადა. ასე იყო თუ ისე, 90 წუთი ფრედ დასრულდა და მსაჯმა გუნდებს დამატებითი ტაიმებისთვის მოსამზადებლად დრო მისცა.

ლონდონელთათვის, მეორე 15–წუთიანი ტაიმის დებიუტიც იღბლიანი გამოდგა – ედენ აზარი მარცხენა ფრთიდან გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ბურთი ნოიერის კარის ბადეში გაახვია – 2:1. ბევრი მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ ელოდა – კაცნაკლულმა „ჩელსიმ“ ფსიქოლოგიური უპირატესობის მქონე „ბაიერნს“ გაუტანა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

120–ე წუთამდე, „ბაიერნი“ მთელი შემადგენლობით შეტევაში იყო და პეტრ ჩეხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ბრწყინვალე სეივი რომ არა, „ჩელსი“ გაცილებით ადრე გაუშვებდა მე–2 გოლს. საბოლოოდ, მიუნხენელებმა წონასწორობა 120–ე, ანუ, უკანასკნელ წუთზე აღადგინეს. მორიგი ჩაწოდების შედეგად, ბურთი ხავი მარტინესს მიუვიდა, ესპანელმა კი, თავისი შანსი გამოიყენა და „რეკორდმაისტერს“ თითქმის გადაწურული იმედი დაუბრუნა.

გოლის გასვლისთანავე, არბიტრმა ჩასტვინა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მთავარ მწვრთნელებს პენალტების შესასრულებლად 5–5 ფეხბურთელი უნდა ამოერჩიათ.

პეპ გვარდიოლას შეგირდთაგან, ხუთივე ზუსტი იყო, ლონდონელთაგან კი, მხოლოდ ახალგაზრდა რომელუ ლუკაკუს არ გაუმართლა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი ძალზე უხეიროდ შეასრულა და „ჩელსის“ გამარჯვების შანსი მოუსპო. ამგვარად, „ბაიერნმა“ პენალტებში 5:4 იმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ევროპის სუპერთასის ფინალების ისტორიაში, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე პირველად მივიდა. ასე იყო თუ ისე, ძველი მეტოქეების – პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებაში გამარჯვებული კატალონიელი სპეციალისტი გამოვიდა.

 

პრაღა. „ედენ არენა“. 20000

ბაიერნი – ჩელსი 2:2 (5:4 პ.ს.)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია (ხავი მარტინესი 56), ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი (შაქირი 96), რიბერი, კროოსი, მიულერი (გიოტცე 70), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი:  პეპ გვარდიოლა

ჩელსი: ჩეხი, კოული, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ლამპარდი, რამირესი, აზარი (ტერი 113), ოსკარი, ტორესი (ლუკაკუ 98), შიურლე (ობი მიკელი 87).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: 0:1 ტორესი (8), 1:1 რიბერი (47), 1:2 აზარი (93), 2:2 ხავი მარტინესი (120)

გაფრთხილება: რიბერი (23), ბოატენგი (84) – კეჰილი (42), რამირესი (64), დავიდ ლუისი (66), ტორესი (90), ლუკაკუ (99), კოული (118), ივანოვიჩი (120)

გაძევება: რამირესი (85)

კარში დარტყმა: 37 (19) – 14 (9) ჯარიმა: 18 - 25 კუთხური: 15 - 5 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 7 – 17

0.257325