თუკი, ლონდონის “არსენალს” “სუონსის” ესპანელი ნახევარმცველის, მიჩუს შეძენა უნდა, მას, მინიმუმ, 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
The Independent-ის ცნობით, სწორედ ეს თანხა მოითხოვა უელსურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
წყაროს ინფორმაციით, “სუონსის” პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი, მიჩუს პირადად ესაუბრა და მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ სატრანსფერო ღირებულება სწორედ 25 მილიონით განესაზღვრათ. ცოტა ხნის წინ, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა განაცხადა, რომ “არსენალს” მიჩუს სანაცვლოდ უზარმაზარი თანხაც რომ შეეთავაზებინა, უელსელებისგან მაინც უარს მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს.
ესპანელი “სუონსიში” შარშან ზაფხულს, 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და უელსურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. პრემიერლიგის გასული გათამაშების 35 მატჩში, მან 18 გოლი გაიტანა. ესპანელის შეძენა “მანჩესტერ სიტისაც” სურს.