ინგლისის “ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ახლა მხოლოდ მერსისაიდელთა შემადგენლობაში თამაშზე ფიქრობს. მას შემდეგ, რაც კლუბმა ის ლონდონის “არსენალს” არ მიყიდა, 26 წლის ფეხბურთელმა ყოველგვარი წყენა დაივიწყა და დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, მზადაა გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღოს.
“გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ლივერპულში” დავრჩებოდი, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავიგე. ახლა მხოლოდ გუნდთან ერთად მუშაობაზე ვფიქრობ. დიდი იმედი მაქვს, რომ თამაში მომიწევს და გულშემატკივრებისთვის იმ ფეხბურთელად ვიქცევი, რომლის იმედიც ექნებათ. ვამბობდი, რომ მსურდა იმ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, მაგრამ რადგან არ გამოვიდა, მოხარული ვიქნები “ლივერპულის” ღირსების დაცვით” - განაცხადა სუარესმა.