კალათბურთი

12:05 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტური ლიგის გახსნის მატჩს თბილისი უმასპინძლებს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, რამდენიმე დღეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გათამაშებაში ჩაებმება. 15 ოქტომბერს სტუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუხვდება და ლიგის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ დაპირისპირებას გახსნის მატჩის ოფიციალური სტატუსი მიანიჭა.

ცნობილია ისიც, რომ რომ მომავალი მატჩის შესვენებისას თამაშზე მიწვეულ ქართველ და რუს ვეტერან კალათბურთელებს შესაბამის პატივს მიაგებენ. აი, რას ამბობს მომავალი ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტი ანდრეი პერეგუდოვი.

“სიმბოლურია, რომ სტუდენტური ლიგის რიგით მე-2 გათამაშების გახსნის მატჩი უძველეს და მუდამ ახალგაზრდა ქალაქ თბილისში შედგება, სადაც საკალათბურთო ტრადიციები ძალიან ძლიერია. გვახსოვს ქორქიას და დერიუგინის თამაში, რომელთაც კალათბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლიგაში ქართული კლუბის ჩართვა ტურნირს დამატებით ემოციებს შესძენს და სხვადასხვა საკალათბურთო სკოლების გამდიდრებასაც ხელს შეუწყობს”.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გათამაშებაში 13 ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, შვედეთი, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, რუსეთი, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ბელარუსი) წარმომადგენლები ითამაშებენ.

საქართველოდან თამაშის უფლება სტუ-მ მოიპოვა, როგორც 2012-13 წლების სტუდენტთა პირველობის გამარჯვებულმა. ლიგაში მოასპარეზე გუნდები ექვსგუნდა ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ.

სტუ-ს და მოსკოვური უნივერსიტეტის გუნდების გარდა, B ჯგუფში ხარკოვის, კიევის (ორივე – უკრაინა), და როსტოვის (რუსეთი) ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ითამაშებენ.

ჯგუფში მატჩები მიმოსვლით ჩატარდება, აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება კი 25 წლამდე ასაკის სტუდენტებს აქვთ, თუმცა, შეიძლება 27 წლამდე ასაკის ორი კალათბურთელის დამატება.

სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, პრიზის სახით 2013-14 წლების ევროლიგის ოთხთა ფინალზე დასწრების საგზურს მიიღებს, რომელსაც მილანი (იტალია) უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112765