კალათბურთი

20:27 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-ს მეტოქე რსუ იქნება

საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალში მოასპარეზე სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მეტოქე მოსკოვის რსუ-ს (რუსეთის სამართლის უნივერსიტეტი) კალათბურთელთა გუნდი იქნება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ დერიუგინმა განუცხადა.

“ჩვენი მეტოქე თავის ჯგუფში მე-2, ხოლო სტუ მე-3 ადგილზე გავიდა. დაკავებული ადგილებიდან გამომდინარე, რსუ მოედნის უპირატესობას ფლობს. პირველი შეხვედრა 23 თებერვალს თბილისში ჩატარდება, მეორე კი მოსკოვში გაიმართება,” – გვითხრა დერიუგინმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალში მოასპარეზე გუნდები ორ შეხვედრას (შინ და გარეთ) ჩაატარებენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდს მიენიჭება.

სტუდენტური ლიგის ექვსგუნდა ჯგუფში სტუ, ხსპუ-თან (ხარკოვის საერთაშორისო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), მსუ-თან (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კპი-თან (კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), რსფუ-სა (როსტოვის სამხრეთის ფედერალური სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად მოხვდა. სტუ-თან ერთად მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება ხსპუ-მ, მსუ-მ და კპი-მ მოიპოვეს, ხოლო რსფუ და რესუ ჯგუფში ჩარჩნენ.

0.12179